ახალი ამბები
ქუთაისის #2 საჯარო სკოლაში სასკოლო ბუფეტი, მაღალი გადასახადის გამო, დაიხურა
FaceBook
ქუთაისის, იოსებ ოცხელის სახელობის #2 საჯარო სკოლაში სასკოლო ბუფეტი დაიხურა. სკოლის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ბუფეტის მოიჯარემ წასვლის შესახებ სკოლის დირექტორს შეატყობინდა, რის მიზეზად, ფართზე არსებული მაღალი გადასახადი დაასახელა.

ქუთაისის #2 საჯარო სკოლაში ბუფეტის ფართის მეიჯარე კახა მეფარიშვილი აცხადებს, რომ მოსწავლეები პროდუქტების შესაძენად სკოლაში არსებული ბუფეტის ნაცვლად, საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებულ სასურსათო მაღაზიაში დადიან.

"გახსნეს მაღაზია სკოლის წინ, იქ ყველაფერი იყიდება - ჩიფსები, მაიონეზიანი საკვები. ბავშვები მიდიან და იქ იკვებებიან, მე რა ვქნა?! არ იყო ამდენი თანხა რომ გადამეხადა, მოსწავლეები ნაკლებად აკითხავდნენ ბუფეტს. ამიტომ დაიხურა ბუფეტი. მე შევწყვიტე ხელშეკრულება და წამოვედი", - აცხადებს ჩვენთან საუბარში ინდ.მეწარმე, კახა მეფარიშვილი.

ქუთაისის #2 საჯარო სკოლაში აღნიშნავენ , რომ ბუფეტის მეიჯარემ ფართის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა.
" მე მესმის, რომ გადასახადი იყო ძალიან მაღალი. პირველი აქუციონის ვაჭრობის შედეგად იჯარის თანხა 25 800 ლარს შეადგენდა, რაც ვთვლი, რომ არ არის რეალური თანხა ბუფეტისთვის" - ამბობს ქუთაისის #2 საჯარო სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი.

მისი თქმით, სკოლის წინ გახსნილი სასურსათო მაღაზიის შესახებ ინფორმიებულია, თუმცა ის კერძო ბიზნესია, რაშიც, მისი თქმით,ჩარევა არ შეუძლია.
"დილის 9 საათიდან ვიდრე არ დასრულდება გაკვეთილები მოსწავლეებს არ ვუშვებთ გარეთ, თუმცა არ ცვლის ეს მდგომარეობას, ვიდრე მოვლენ სკოლაში, მანამდე ყიდულობენ, მოაქვთ სკოლაში და მიირთმევენ. ეს საკითხი არის დროულად მისახედი და იმედი მაქვს როგორმე შევძლებთ ამის მოგვარებას", - ამბობს მურად ჟიშკარიანი.

ქუთაისის, იოსებ ოცხელის სახელობის #2 საჯარო სკოლამ სასკოლო ბუფეტი აუქციონზე იჯარის წესით გასაცემად მიმდინარე წლის 24 ნოემბერს გამოიტანა, სადაც საწყისი ღირებულება 10 500 ლარია, აუცქიონზე განაცხადების მიღების ვადა 27 ნოემრებს იწურება. ქუთაისის #2 საჯარო სკოლაში აცხადებენ, რომ სკოლაში სკვების ობიექტი მეიჯარის გამოვლენისთანავე გაიხსნება. 

ამავე თემაზე: ქუთაისის #2 საჯარო სკოლამ ბუფეტი 10 500 ლარად აუქციონზე გამოიტანა
Print