ახალი ამბები
23 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის დღესასწაულს ზეიმობს
FaceBook
23 ნოემბერს საქართველოს ყველა მოქმედ მართმადიდებელ ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით დილიდან წირვა-ლოცვა აღევლინება.

ამ დღეს, ძველი სტილით 10 ნოემბერს, წმინდანის ბორბალზე წამების დღე აღინიშნება.

III-IV საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრები და ქრისტიანობისათვის წამებული წმინდა გიორგი კაბადოკიელის კულტი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. მას თაყვანს სცემენ არამარტო მართლმადიდებლები, არამედ ყველა მიმართულების ქრისტიანული აღმსარებლობის მორწმუნეები: კათოლიკეები, პროტესტანტები, გრიგორიანელები, მონოფიზიტები. წმინდა გიორგის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში-ყურანშიც კი მოიპოვება.

საქართველოში ამ წმინდანისადმი ოდითგანვე განსაკუთრებული დამოკიდებულება იგრძნობოდა. მის სახელზე ქვეყნის ყველა კუთხეში არაერთი სალოცავი შენდებოდა და დღესაც შენდება. თბილისში წმინდა გიორგის სახელობის 20-მდე ეკლესიაა, რომლებიც გიორგობის დღესასწაულზე მლოცველებს ვეღარ იტევენ.

აღსანიშნავია, რომ სხვა მართლმადიდებლური ქვეყნებისგან განსხვავებით, გიორგობას წელიწადში ორჯერ მხოლოდ საქართველოში ზეიმობენ.


Print