ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ სათამაშო ბიზნესისა და დასუფთავების მოსაკრებელის გეგმა შეამცირა
FaceBook
ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომაზე ბოლო ცვლილება განხორციელდა 2017 წლის ბიუჯეტში.

ცვლილების მიხედვით,  თანხა დააკლდა მერიის პროგრამებს და მათ ხარჯზე გაიზარდა რამდენიმე ააიპ დაწესებულების ბიუჯეტი.

ამასთანავე, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს სათამაშო ბიზნესისა და   დასუფთავების მოსაკრებლის გეგმის შემცირებას, რომელიც ქალაქის ხელისუფლების ვარაუდით, წლის ბოლომდე ვერ შესრულდებოდა.

ქალაქის მერის, შოთა მურღულიას თქმით, ცვლილება  ბიუჯეტის ჩავარდნის თავიდან არიდების მიზნით განხორციელდა.

ქალაქის მერი ამ ორი სფეროდან შემოსავლების დაგეგმილი რაოდენობით ვერმიღებას კონკრეტული არგუმენტებით ხსნის.

"ეს გამოწვეულია ქალაქიდან სისტემა-ელექტრონული თამაშების ორი კომპანიის გასვლით. თავდაპირველად, როცა გაიზარდა სათამაშო ბიზნესზე მოსაკრებლის ზღვრული როდენობა, მათ შეასრულეს პირველი კვარტალის გეგმა და ბიუჯეტში შემოვიდა 500 000 ლარი და ჩვენ წლის ბოლომდე კიდევ 1 500 000 ლარს ველოდით, თუმცა, წლის შუა პერიოდში აღნიშნულმა კომპანიებმა საერთოდ გააუქმეს რეგისტრაცია. შესაბამისად, ბიუჯეტში ჩავარდნა რომ არ ყოფილიყო, მოხდა ეს ცვლილება", - განაცხადა შოთა მურღულიამ.

ჯამში, 2017 წლის ბიუჯეტი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან დაგეგმილზე 300 000 ლარით ნაკლებს მიიღებს.

ქალაქის მერის თქმით, დასუფთავების გადასახდის შემთხვევაში, რამდენიმე იურიდიულ პირთან ქუთაისის მერიას სასამართლო დავა აქვს და ვიდრე პროცესები არ დასრულდება, ბიუჯეტის მიმართ მათი დავალიანების გასწორება ვერ მოხდება.

ქალაქის ხელისუფლება 2017 წლის ბიუჯეტში დასუფთავების მოსაკრებლიდან 2 მილიონის მიღებას გეგმავდა, თუმცა, შოთა მურღულიას თქმით, წლის ბოლომდე მისი შესრულება, სავარაუდოდ, 1 800 000 ლარი იქნება. შესაბამისად, დასუფთავების მოსაკრებლის გეგმა 200 000 ლარით შემცირდა.

ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მისი მოცულობა არ შეცვლილა.

Print