ახალი ამბები
ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულომ ბოლო სხდომა გამართა
FaceBook
ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს ბოლო, რიგგარეშე 37-ე სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დეპუტატებმა ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტში რიგით მე-6 და ბოლო ცვლილება განახორციელეს.

ცვლილების  მიხედვით, 45 000 ლარი დააკლდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ავარიული სახლების გადახურვის პროგრამას, 220 000 ლარით შემცირდა გზებისა და ტროტუარების მშენებლობა-მოვლა-პატრონობის გეგმა.

65 000 ლარი გამოეყო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ყოფითი პირობების გაუმჯობესების პროგრამას, ასევე, 300 000 ლარით შემცირდა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის გეგმა, ხოლო დასუფთავების გადასახადის გეგმა  - 220 000 ლარით.

მნიშვნელვანი თანხა გამოაკლდა პროგრამა "კორპუსს". ცვლილების შედეგად, სატენდერო დოკუმენტაციიდან მორჩენილი თანხა 235 000 ლარი პროგრამის  ბიუჯეტში  არ დარჩება.

პროგრამა "კორპუსისთვის" თანხის დაკლება გააპროტესტა საკრებულოს ოპოზიციამ. "ევროპული საქართველოს" დეპუტატის, დავით გოგისვანიძის თქმით, სინამდვილეში ვერ მოხდა ამ თანხის ათვისება, რაც საბოლოო შედეგზე მოახდენს გავლენას.

ქალაქის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, ირაკლი ავალიანის თქმით, ამ გადაწყვეტილებით ტენდერებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას პრობლემები არ შეექმნება.

"სატენდერო კონკურენციაში გაკეთებული ეკონომიის გადანაწილება მოხდა სხვადასხვა მიმართულებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაოები დაზარალდება", - განაცხადა ირაკლი ავალანმა.

ამასთანავე, დამატებითი თანხა მიიღო ააიპ "სპეციალურმა სერვისებმა" (590 000 ლარი); 60 000 ლარით გაიზარდა საკალათბურთო გუნდ "ქუთაისის 2010"-ის დაფინანსება; 25 000 ლარი დაემატა ააიპ "კულტურულ, სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას" და დამატებით 20 000 ლარი მიიღო შპს "რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონმა".

ცვლილების შედეგად ქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის რაოდენობა არ შეცვლილა და ის კვლავ 67  932 200 ლარია.

Print