ახალი ამბები
გაფრთხილება და ხელფასზე დაკლებული 10% -საჩივრების განხილვის პირველი დღე ქუთაისის საოლქო კომისიაში
FaceBook
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში უბნებსა და საოლქო კომისიაში დაწერილი 4 საჩივარი განიხილა.
ოთხივე მათგანი არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებმა შეადგინეს.

საოლქო კომისიამ ხმათა უმრავლესობით ხელფასის 10% დააკლო N62-ე უბნის თავმჯდომარეს, ამავე უბანზე ნაკადის მომწესრიგებელს კი შენიშვნა მიეცა. საჩივრის ავტორთა თქმით, ნაკადის მოწესრიგებაზე პასუხისმგებელმა პირმა მარკირებაგავლილი ამომრჩეველი უბანზე პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე შეუშვა.

კომისიამ დარღვევად მიიჩნია "სამართლიანი არჩევნების" მიერ შედგენილ კიდევ ერთ საჩივარში მოყვანილი ფაქტი, რომლის მიხედვითაც N124-ე უბანზე რეგისტრატორის ფუნქციას არაუფლებამოსილი პირი ახორციელებდა.

საჩივრის შინაარსის მიხედვით, მანანა გიორგაძე "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის სახელით, უბანზე კომისიის წევრის სტატუსით გამოცხადდა და სამი ამომრჩეველიც მიიღო. სინამდვილეში კი, იგი კომისიიდან, პარტიის მიერ, 7 ნოემბერს იყო გამოწვეული. N124-ე უბნის თავმჯდომარე ნათია ნაცვალაძე, რომელსაც კომისიამ დარღვევის გამო გაფრთხილება მისცა, საჩივრების განხილვას არ დასწრებია.

საოლქო კომისიამ არ დააკმაყოფილა N18-ე უბანზე დაწერილი საჩივარი, რომლის მიხედვითაც უბანზე მდივანმა შემაჯამებელი ოქმის შედგენის თარიღი და დრო არასწორად მიუთითა. N76-ე უბნის თავმჯდომარეს კი, სადაც გადასატანი ყუთის სიაში კომისიის ერთ-ერთი წევრის ოჯახის წევრი შეცდომით იყო შეყვანილი, გაფრთხილება მიეცა.

ამასთანავე, საოქლო კომისიამ თავად აღმოაჩინა დარღვევა ორ უბანზე. კერძოდ, კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, N62-ე და N7-ე უბნების შემაჯამებელ ოქმებს ბეჭედი არ ჰქონდა, რის გამოც,  აღნიშნული უბნების თავმჯდომარეებს შენიშვნა მიეცათ.

ქუთაისის საოლქო კომისიაში 14 ნოემბერს საჩივრების მიღების ვადა ამოიწურა. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 21 ოქტომბერს ჩატარდა. ქუთაისის მერობის 8 კანდიდატიდან ზღვარი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა. კონკურენტებს შორის ყველაზე მეტი ხმა გიორგი ჭიღვარიამ და გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.

ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში გიორგი ჭიღვარიამ ხმების 48.66% დააგროვა,ხოლო მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე 27.03%–ით გავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ვაშაძემ კანდიდატურა მოხსნა, ეს განცხადება ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის, შესაბამისად მისი სახელი და გვარი ბიულეტინზე რჩება.

ქუთაისში 124 საარჩევნო უბანია, მათ შორის 123 სამოქალაქო და ერთი სპეც. უბანი, რომელიც N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობს. ქალაქში სულ 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული.



Print