ახალი ამბები
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირებისთვის, შესაძლოა, ახალი რეგულაციები ამოქმედდეს
FaceBook
საქართველოს პარლამენტი იმ საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავს, რომელის მიხედვითაც, შესაძლოა აზარტულ ან მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ბაზა შეიქმნას.

კანონში "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" ცვლილების შეტანის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. პარლამენტი ამ საკითხზე მიმდინარე წლის 15 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს.

განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ კანონპროექტის მიღების ძირითადი მიზანი სათამაშო ბიზნესის სფეროში არსებული სოციალური ფონის გაუმჯობესებაა, კერძოდ, 21 წლამდე ასაკის პირთა თამაშში მონაწილეობის აკრძალვა და დამოკიდებულ პირთა სიის შექმნაა.

ცვლილების მიხედვით, მოთამაშეს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი განცხადების საფუძველზე, დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანა მოითხოვოს. გარდა ამისა, მოთამაშის ოჯახის წევრი უფლებამოსილია, სასამართლოს წესით, მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა.

თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიას აწარმოებს შემოსავლების სამსახური და სიაში პირის შეტანა ხორციელდება 3 წლის ვადით.

ასევე, აზარტული დაწესებულების მფლობელი ვალდებულია, მოთამაშის ობიექტზე დაშვებამდე ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშში მონაწილეობამდე, გადაამოწმოს პირი შესაბამის რეესტრში და მისი არსებობის შემთხვევაში არ დაუშვას დამოკიდებული პირის სათამაშოდ დაშვება.

Print