ახალი ამბები
„კვლავ გაგრძელდა მავნე პრაქტიკა“-„საია“ უბნების გარეთ მობილიზებულ პარტიულ კოორდინატორებზე
FaceBook
არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო უბნების გარეთ კვლავ იდგნენ სიებით ხელში დაუდგენელი პირები, რომლებიც უბანზე მისულ ამომრჩევლებს აკონტროლებდნენ.
სავრაუდოდ, პარტიული კოორდინატორები და აქტივისტები ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლების ვინაობასა და რაოდენობას ინიშნავენ.

"ჩემი სიებია, თუ გინდა საარჩევნო იყოს. მერე რა?" - განუცხადა ქუთაისიპოსტს N 87-ე უბანთან მამაკაცთან ერთად მყოფმა ქალბატონმა, რომელსაც ხელში სიები ეკავა და სავარაუდოდ, უბანზე მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავდა.

უბნების გარეთ კოორდინატორების მობილიზებას გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორი და პროცესი მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებად შეაფასა.

"კენჭისყრის დღეს მთელ რიგ უბნებზე კვლავ გაგრძელდა მანკიერი პრაქტიკა, როდესაც საარჩევნო უბნების გარეთ სიებით იდგნენ დაუდგენელი პირები (სავარაუდოდ პარტიული კოორდინატორები და აქტივისტები), რომლებიც აღრიცხავდნენ უბნებზე მისულ ამომრჩეველს",-ნათქვამია "საიას" არჩევნების დღის შემაჯამებელ განცხადებაში.

უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე სიებით ხელში უცნობი პირები არჩევნების პირველ ტურშიც იყვნენ მობილიზებული.

2017 წლის 12 ნოემბერს ქუთაისსა და 5 თვითთმმართველ თემში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

მეორე ტურში ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი აქტივობა ქუთაისში დაფიქსირდა.
Print