ახალი ამბები
"იმედგაცრუებულები ვართ" - ქუთაისში ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა
FaceBook
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში რეგისტრირებული 153 880 ამომრჩევლიდან არჩევანი მხოლოდ 27 427-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც მათი საერთო რაოდენობის 18.10%-ია.
6 ოლქიდან, სადაც მეორე ტური ჩატარდა, ქუთაისმა აქტიურობის მიხედვით ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენა.

ცენტრალური სააჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, ქუთაისელი ამომრჩეველი დილიდან პასიურობდა.


ცესკოს საბოლოო წინასწარი შედეგები კი ასე გამოიყურება:

ყაზბეგი - 53.02%

ხაშური - 34.75%

ბორჯომი - 52.90%

ქუთაისი - 18.10%

ოზურგეთი - 56.65%

მარტვილი - 38.68%

ქუთაისის N 28-ე უბნის თავმჯდომარის მაია ყიფიანის თქმით, სადაც დილის 10:00 საათზე უბანზე რეგისტრირებული 1249 ამომრჩევლიდან მხოლოდ 27 იყო მისული, პირველ ტურზე აქტივობა გაცილებით უფრო მაღალი იყო.

ქუთაისის N 86-ე უბანზე, სადაც 1334 ამომრჩევლია რეგისტრირებული, უბნის გახსნიდან ერთი საათის განმავლობაში მხოლოდ 15 ამომრჩეველი მივიდა. უბნის თამჯდომარის, თამაზ თავხელიძის თქმით, ამომრჩეველს მეორე ტურის მიმართ დაბალი ინტერესი ჰქონდა.

"მეორე ტურია, თან კვირა დღეა. ზოგი ქალაქიდანაც გადის და ამიტომ არის დაბალი აქტივობა. წინა ტურზე რა თქმა უნდა უფრო მეტი იყო",- განაცხადა თამაზ თავხელიძემ.

მეორე ტურის მიმართ დაბალ ინტერესზე და ზოგად იმედგაცრუებაზე საუბრობენ ამომრჩევლებიც, რომლებიც უბანზე არ მივიდნენ.

"პირველ ტურში ვიყავი და დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, ახლა ნამდვილად არ წავსულვარ. ეს ყველაფერი თამაშია და ათამაშებენ ამ იმედგაცრუებულ ხალხსაც, - ამბობს მარინა კაპანაძე.

მეორე ტურის წინასწარი შედეგებით,  მმართველი გუნდის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ჭიღვარიამ ხმების 87.55% მიიღო, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდტმა, გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, 12.45%.
Print