ახალი ამბები
ქუთაისში 273 წარმატებულ მოსწავლეს საჩუქრად კომპიუტერები გადასცეს
FaceBook
განათლების სამინისტრომ იმერეთის წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა.  ღონისძიებაზე, რომელიც ქუთაისის #1 საჯარო სკოლაში გაიმართა, იმერეთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების 273 მოსწავლეს საჩუქრად კომპიუტერები გადასცეს. აქედან, 160 მათგანი ქუთაისის  საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

"პროგრამა "ჩემი პირველი კომპიუტერი" საქართველოში 2009 წლიდან ხორციელდება. საჩუქრები გადაეცემათ მეცხრე კალსის იმ მოსწავლეებს, რომლებმაც წლის შეფასება მიიღეს 10 ქულა დამრგვალების გარეშე", - ამბობს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი, ლელე სვიმონია.

მისი თქმით, იმერეთის რეგიონში ახალი კომპიუტერები იმერეთის სულ 571 მოსწავლეს გადასცეს, აქედან ნაწილის დაჯილდოვება გასულ კვირას მოხდა.

ახალი კომპიუტერი გადაეცა საჩუქრად კადეტთა ლიცეუმის მე-9 კალსის მოსწავლეს მარი არდანიას. მისი თქმით, საჩუქარი მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა რადგან სკოლაში კარგი აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდა.

"გამიხარდა ნამდვილად, მაგრამ ძალიან ბევრს ვშრომობდი რომ კარგი შედეგები მქონოდა ამიტომ მიხარია, რომ დამიფასადა შრომა", -ამბობს კადეტთა ლიცეუმის მე-9 კალასის მოსწავლე, მარი არდანია.

2016 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით კომპიუტერები 2470, ხოლო 2017 წელს 2557 მოსწავლეს გადაეცა.

Print