ახალი ამბები
გარემოს დაცვის სამინისტრომ მდინარე ოღასკურას დაბიძნურებისთვის ააიპ "სპეციალური სერვისები" დააჯარიმა
FaceBook
ქუთაისში, მდინარე ოღასკურაში სამშენებლო ნარჩენების ჩაყრის გამო მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ააიპ "სპეციალური სერვისები" დააჯარიმეს.
ეს ინფორმაცია ქუთაისიპოსტს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მიაწოდა. უწყებამ ორგანიზაციის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი 2016 წლის 20 აპრილს შეადგინა.


დეპარტამენტის უფროსის, პაატა ბატიაშვილის წერილობით პასუხში აღნიშნულია, რომ "სპეციალური სერვისები" მდინარე ოღასკურაში 2 კუბური მეტრის მოცულობის სამშენებლო ნარჩენების ჩაყრის ფაქტზე დაჯრიმდა.

"ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ კომპანია დაჯარიმდა 1 500 ლარით, ასევე, სამართალდამრღვევს დაეკისრა გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 720 ლარის ოდენობით," - აღნიშნულია პაატა ბატიაშვილის პასუხში.

ააიპ "სპეციალურ სერვისებში" აცხადებენ, რომ მათი დაჯარიმება იმ დროს მოხდა, როდესაც მდინარის ტერიტორიაზე ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებდნენ.

"როდესაც ჩვენი სამსახურის თანამშრომლები ბელავდნენ ხეებს, ამ ტერიტორიაზე იყო კერძო პირის მიერ გამოტანილი საყოფაცხოვრებო ნარჩენი, რომელიც ჩვენმა ტექნიკამ გვერდზე გადაწია. ამ დროს მოვიდნენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშომლები. მათ ეგონათ, რომ ეს იყო ჩვენს მიერ ჩაყრილი და ვერ დავარწმუნეთ, რომ არ იყო ჩვენი ჩაყრილი. ამაზე შემდგომში სასამართლო დავაც კი გვქონდა," - განგვიმარტეს ააიპ "სპეციალურ სერვისებში".

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ასევე გასული წლის 9 დეკემბერს, მდინარე ოღასკურაში ჩამდინარე წყლებით დაბინძურების ფაქტზე შპს "ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანაც" დაჯარიმდა. კომპანიის მხიდან გარემოსთვის მიყენებულმა ზარალის ოდენობამ 749 ლარი შეადგინა.

"სამართალდამრღვევს გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა და დაეკისრა ზიანის ანაზღაურება," - აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
იურიდიული პირების გარდა, მდინარე ოღასკურას დანაგვიანებისთვის 2016-2017 წლებში 2 ფიზიკური პირიც დაჯარიმდა.

რაც შეეხება, მთლიანად, ქუთაისის მასშტაბით გარემოს ნარჩენებით დაბინძურებას, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 2016-2017 წლებში სულ 98 ასეთი ფაქტი გამოვლინდა. მათ შორის, 71 იურიდიული და 27 ფიზიკური პირის მიმართ, რომელთა წინააღმდეგაც გატარდა შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიებები.

Print