ახალი ამბები
ქუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგის II ტური ჩატარდება
FaceBook
11 ნოემბერს, ქუთაისის სპორტის სასახლე, ფუტსალის ლიგის 2017-2018 წლების სეზონის, პირველი წრის, მეორე ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ფუტსალის ლიგის პირველი იმერული სათამაშო დღე 13:00 სთ-ზე აიღებს სტარტს. გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი, აგორა აფხაზეთს დაუპირისპირდება.

მათივე ცნობით, 15:00 სთ-ზე გაიმართება ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სტუ-თელასი დაუპირისპირდებიან. წინა სეზონში ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება, რომელიც ბათუმში გაიმართა, მოულოდნელად ბსუ-ს გამარჯვებით 8:5 დასრულდა, შესაბამისად მოქმედი ჩემპიონი, ფავორიტის სტატუსის დამტკიცებასთან ერთად, რევანშის აღებასაც შეეცდება.

სერიოზული გამოცდა ელის ლიგის დებიუტანტს, კოლხი-გულრიფშს, რომლის მეტოქეც, ვიცე-ჩემპიონი, ტატიშვილი იქნება. მიუხედავად გადახალისებული შემადგენლობისა, "მედიკოსები" წლევანდელი სეზონის ფავორიტთა სიაში მოიაზრებიან. ეს შეხვედრა 17:00 სთ-ზე დაიწყება.

19:00 სთ-ზე, მასპინძლის სტატუსით პირველ შეხვედრას გამართავს, კიდევ ერთი დებიუტანტი წყალტუბო, რომელიც შარშანდელ ბრინჯაოს პრიზიორ თბილისს დაუპირისპირდება. ორივე გუნდი მიმდინარე სეზონში პირველი ქულებისთვის იბრძოლებს.


11.11.2017.ფუტსალის ლიგა. II ტური (ქუთაისის სპორტის სასახლე)

13:00 აფხაზეთი - აგორა

15:00 ბსუ (ბთ) - სტუ-თელასი

17:00 ტატიშვილი - კოლხი-გულრიფში

19:00 თბილისი - წყალტუბო



Print