ახალი ამბები
რეჟისორ გიორგი სიხარულიძეს საპატიო ქუთაისელის წოდებას მიანიჭებენ
FaceBook
8 ნოემბერს ქუთაისის მესხიშვილის თეატრში დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

რეჟისორს და მესხიშვილის თეატრის ყოფილ  სამხატვრო ხელმძღვანელს გიორგი სიხარულიძეს, ქუთაისის მერი შოთა მურღულია საპატიო ქუთაისელის წოდებას მიანიჭებს. დაჯილდოების ცერემონიალი სპექტაკლის „უბედურება“ (დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით)  შემდეგ გაიმართება. კლდიაშვილის „უბედურება“ გიორგი სიხარულიძის სამხატვრო ხელმძღვანელის ამპლუაში, მესხიშვილის თეატრში დადგმული ბოლო სპექტაკლია.

გიორგი სიხარულიძის ქუთაისში მოღვაწეობის დროს, 2007 წლიდან 2017 წლამდე მესხიშვილის თეატრში მოეწყო მცირე სცენა, ლიტერატურული სალონი, დასს შეემატა 12 ახალგაზრდა მსახიობი, დაიდგა 47 სპექტაკლი, ათეულობით ბენეფისი და იუბილე. გიორგი სიხარულიძის სამხატვრო ხელმძღვანელობის დროს ქუთაისის თეატრში სპექტაკლი დადგა 18-მა მოწვეულმა რეჟისორმა.

გიორგი სიხარულიძის რეჟისურით და ხელმძღვანელობით, გაკეთდა ქუთაისის მთავარი დღესასწაულის, ,,გვირილობის" ახალი და მასშტაბური ფორმატი, რომელიც დღემდე ქალაქის სავიზიტო ბარათია.

ასევე, 8 ნოემბერს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, გიორგი სიხარულიძეს გადაეცემა კლდიაშვილის მედალი, დავით და სერგო კლდიაშვილების შემოქმედების პოპულარიზაციისთვის (ეს მედალი 2017 წელს გადაეცა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციაში განსაკუთრებული წვლილისთვის).

გიორგი სიხარულიძემ მესხიშვილის თეატსრი მიმდინარე წლის სექტემბერში დატოვა. გიორგი სიხარულიძე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. აღნიშნული დანიშვნა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ, პროფესიული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების პოზიციებზე გამოცხადებული  კონკურსის საფუძველზე განხორციელლდა. თუმანიშვილის თეატრში მან ამ პოსტზე ქეთი დოლიძე ჩაანაცვლა.
Print