ახალი ამბები
ქუთაისის ერთ-ერთ კვების ობიექტში მასობრივად მოწამლული ბავშვები საავადმყოფოდან გაწერეს
FaceBook
სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ქუთაისის ერთ-ერთ კვების ობიექტში 4 ნოემბერს მოიწამლნენ, საავადმყოფოდან გაწერეს.

სასწრაფო - სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში  განმარტავენ, რომ 13-14 წლის ასაკის შვიდი პაციენტი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ჯერ რეგიონალურ კლინიკაში გადაიყვანა, რომელმაც ბავშვები არ მიიღო, რადგან ეს კლინიკა ამ ასაკის პაციენტებს არ ღებულობს და სასწრაფომვე ისინი ინტევრვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

"მდგომარეობა სტაბილური იყო. ჩაუტარდათ გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება და 24 საათში გაწერეს", - განმარტავენ პრესსამსახურში. 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნულ კვების ობიექტს, საწარმოო პროცესი შეუჩერა და დააჯარიმა.

სეს-ის ცნობით, იმერეთში ექსკურსიაზე მყოფი შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები ინტოქსიკაციის ნიშნებით 4 ნოემბერს ქუთაისის ჯანდაცვის დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც სეს-ი იუწყება, მოზარდებმა და მათმა თანხმლებმა პირებმა განმარტეს, მათ ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ი/მ "ოთარ სინაურიძის" კუთვნილ საზოგადოებრივი კვების ობიექტში ივახშმეს, რის შემდეგაც აღენიშნათ ინტოქსიკაციის სიმპტომები.

სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა კვების ობიექტში იმავე დღეს ჩაატარეს არაგეგმური ინსპექტირება:

"გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები. საზოგადოებრივი კვების ობიექტი საწარმოო პროცესის განახლებას კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორების და მიცემული რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ შეძლებს", – აცხადებს სააგენტო.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცავი ორგანოებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსწავლეთა ჯგუფურ ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.

ამავე თემაზე:

სკოლის მოსწავლეების მოწამვლის გამო ქუთაისში კვების ობიექტი 1 000 ლარით დააჯარიმეს
Print