ქუთაისის 59-ე საოქლო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ
ოსეფაიშვილმა საკრებულოს ახლადარჩეულ დეპუტატებს მანდატები გადასცა.
დეპუტატის მოწმობის გადაცემას უმრავლესობის ყველა წევრი დაესწრო.
მანდატების გადაცემაზე არ მივიდა "ნაციონალური მოძრაობის" ორი
დეპუტატი, გია უკლება და ვალერი კლდიაშვილი. ასევე, "ევროპული
საქართველოს" წარმომადგენელი, ნანა ქუმელაშვილი, რომელიც არჩევნების
შედეგების მიხედვით, საკრებულოში მოხვდა, თუმცა, შიდა პარტიული
წესის გამო, წარმომადგენლობით ორგანოში სხვა წევრი, მერაბ
მეშველიანი შევა.
"ჩვენ გამოგვიცხადა ნდობა ქუთაისელებმა და გავამართლებთ ამ ნდობას,
რისთვისაც ვიმუშავებთ 24 საათიან რეჟიმში", - განმარტა
საკრებულოს ახლად არჩეულმა უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა ნიკოლოზ
ლატარიამ.
თავის მხრივ, გამოცხადებული ნდობის გამართლების პირობა
დადეს ოპოზიციონერმა დეპუტატმაც.
"ვიქნებით აქტიურები და განვახორციელებთ ზედამხედველობას ყველა
იმ პროცესზე, რაც იქნება საკრებულოში", - ამბობს მეექვსე მოწვევის
საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ბესიკ ბრეგაძე.
საქართველოს მასშტაბით, ახალი მოწვევის საკრებულოებში პირველი სხდომა,
ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისგან 30-ე დღეს
გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები