ახალი ამბები
უნებართვოდ მიშენებული აივანი - მეზობლებს შორის დავა გრძელდება
FaceBook
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩა #24-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში სადავო აივანის, რომელსაც დემონტაჟი მიმდინარე წლის მარტში ჩაუტარდა, მშენებლობა ისევ განახლდა.

სერგო რობაქიძეს საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აივნის მიშენებას, მისივე მეზობელი, დავით ბერაძე ეწინააღმდეგება, რაზეც ის ქუთაისის მერიის ზედამხედველობის განყოფლებაში საჩივრის მეორედ შეტანას  პირველ ნოემბერს  გეგმავს. მომჩივანი მეზობელი ამბობს, რომ მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე კორპუსზე აივნის მიშენება მას პრობლემას შეუქმნის. 

"დაშორების სტანდარტი ჩემს სახლსა და აღნიშნულ კორპუსს შორის ირღვევა და აივნის მშენებლობის შემთხვევაში ჩემი უფლებები იქნება შელახული", - ამბობს დავით ბერაძე.  

სერგო რობაქიძე ჩვენთან სატელეფონო  საუბარში ადასტურებს, რომ აივნის მიშენება დაწყებული აქვს. თუმცა ჩვენს კითხვაზე, აქვს თუ არა ზედამხედველობის სამსახურიდან ნებართვა მიღებული არ გვიპასუხა და ტელეფონი გაგვითიშა. 

"თუ რამე იქნება მთავრობა დაგველაპარაკება ჩვენ", - ამბობს სერგო რობაქიძე. 

ქუთაისის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ სერგო რობაქიძეს ახალი აივნის მიშენების ნებართვა არ აქვს და ზედამხედველობის სამსახურიდან მხოლოდ მოაჯირების გამოცვლაზე აქვს ნებართვა მიღებული. მათივე განმარტებით, ბინის მფლობელი აივნის მიშენებას მაინც თუ გადაწყვეტს, მას ჯერ გააფრთხილებენ, შემდეგ კი დააჯარიმებენ. 

მიმდინარე წლის თებერვალში, ბინის მეპატრონემ აივნის მიშენება თვითნებურად გადაწყვიტა, რის გამოც, მას მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან გაფრთხილების წერილი გაუგზავნეს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ კი, უნებართვო მშენებლობისთვის დემონტაჟის განსახორციელებლად 10 დღიანი ვადა მისცა. თუკი მეპატრონე ამ ხნის განმავლობაში აივნის დემონტაჟს არ მოახდენდა, ის 3 000 ლარით დაჯარიმდებოდა. თუმცა, უნებართვო მიშენების დემონტაჟისგან მაინც არ თავისუფლდებოდა. ამ წერილის საფუძველზე სერგო რობაქიძეს მიშენების დემონტაჟი დაევალა, რაც მან მიმდინარე წლის მარტის თვეში განახორციელა. 


ამავე თემაზე:

სამეზობლო დავა უნებართვოდ მიშენებული აივნის გამო (ვიდეო)

უნებართვო მიშენების გამო დაწყებული სამეზობლო დავა დასრულებულია


Print