ანონსი
რეზო ჭეიშვილის იუბილესთან დაკავშირებით თეთრი ხიდიდან ქუდებს ისვრიან
FaceBook
რეზო ჭეიშვილის 84 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიმიდნარე წლის 24 აპრილს ქუთაისში, თეთრი ხიდიდან მდინარე რიონში ქუდებს ისვრიან.

ღონისძიების ინიციატორი რეჟისორი შოთა გუჯაბიძე გახლავთ, რომელიც მეგობრებთან ერთად, სპეციალურად ამ დღისთვის, ბათუმიდან ჩამოვა.

"ბავშობიდან რეზოს შემოქმედების თაყვანისმცემელი ვარ. ბოლო წლებში ხშირად ჩამოდიოდა ბათუმში და დავმეგობრდით კიდეც. რეზოს მეგობრებმა მისი ერთი ჩვევის შესახებ მიამბეს. თურმე, მას ასეთი ჩვევა ჰქონია, ხშირად გადიოდა თეთრ ხიდზე და ქუდს ისროდა. იმ წამს გამიჩნდა იდეა, რომ ეს უნდა დავნერგოთ," - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში შოთა გუჯაბიძე.

გასულ წელს რეზო ჭეიშვილის იუბილესთან დაკავშირებით მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში მწერლის სახელობის ხეივანი გაიხსნა.

მიმდინარე წლის დასაწყისში კი ქუთაისის ოპერის თეატრში დოკუმენტური ფილის "მუსიკა ქარში" პრეზენტაცია გაიმართა.
ის რეზო ჭეიშვილის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ფილმის ავტორების თქმით, მისი გადაღება ჯერ კიდევ მწერლის სიცოცხლეში დაიწყო.

"პატარა ბავშვივით უხაროდა ფილმზე მუშაობა რომ დაიწყო, ძალიან ბედნიერი იყო, თუმცა დასრულებას ვერ მოესწრო. ჩემთვის ეს ფილმი ძალიან ძვირფასია, რადგან ამ ფილმით რეზო გაცოცხლდა, ის ცოცხალია", - განმარტა მწერლის მეუღლემ, მარინა ვერულაშვილმა.

პროექტი ქუთაისის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელდა.



Print