ანონსი
"ცისფერყანწელთა" ორდენის 100 წლის იუბილე ქუთაისში ღონისძიებების ციკლით აღინიშნება
FaceBook
"ცისფერყანწელთა" საიუბილეო წლისთვის ქუთაისი მერიამ ღონისძიებების ციკლი დაგეგმა.
პოეტური ორდენის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა.

ღონისძიებები მესხიშვილის თეატრში გაიმართება, სადაც სხვა სტუმრებთან ერთად "ცისფერყანწელების" შთამომავლებიც იქნებიან მოწვეული.

წარმოდგენილი იქნება სამი დოკუმენტური ფილმი საერთო სახელწოდებით "ცისფერყანწელების ქალაქი".

როგორც მერიაში აცხადებენ, პირველი ფილმი ქუთაისის კულტურულ ცხოვრებაში "ცისფერყანწელების" როლს ასახავს.

მეორე ფილმში ნაჩვენებია პაოლო იაშვილის, როგორც "ცისფერყანწელთა" იდეის სულისჩამდგმელის, ბიოგრაფია, მისი ურთიერთობა დანარჩენ ცისფერყანწელებთან, ორდენისა და მწერალთა კავშირის ჩამოყალიბების შესახებ.

მესამე ფილმი ტიციან ტაბიძის ბიოგრაფიას, გალაკტიონ ტაბიძესთან პოეტის მეგობრობას და "ცისფერყანწელთა ორდენის" დასასრულს შეეხება.

სამივე ფილმი "ქედი სტუდიომ" გადაიღო.

"ცისფერყანწელთა" იუბილის აღნიშვნის პროცესში ჩართული იქნებიან საჯარო სკოლებიც, სადაც სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.

პოეტური ორდენის საიუბილეო დასკვნითი საღამო მესხიშვილის თეატრში მიმდინარე წლის 18 ნოემბერს შედგება.

ღონისძიებაზე "ცისფერყანწელთა" ფონდის თავმჯდომარის, ნინო ჩხიკვიშვილის მიერ შედგენილი წიგნის "ცისფერყანწელთა საძმოს" პრეზენტაცია გაიმართება. ასევე, წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი "ბულბულის ნისკარტი", რომელიც პაოლოსა და ტიციანის ბიოგრაფიისა და შემოქმედების მოტივებზეა შექმნილი.

მანამდე კი გაიხსნება პაოლო იაშილისა და კოლაუ ნადირაძის მემორიალური დაფები.

ღონისძიებათა ციკლს ორგანიზებასა და ფინანსურ მხარდაჭერას ქუთაისის მერია უწევს.



Print