ანონსი
"არა რუსულ კანონს!"- ქუთაისში, ხვალ, აქცია დაიგეგმა
FaceBook
"არა რუსულ კანონს!"- ამ სახელწოდებით, ქუთაისში, კოლონადებთან, საპროტესტო აქცია გაიმართება.
სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, 12 აპრილს, 13:00-ზე, ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან და "ოცნების" მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს გააპროტესტებენ. 

მათი განმარტებით, საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის ხელახალი ინიცირება, კანდიდატის სტატუსის ფონზე, სახელმწიფო ინტერესებთან შეუთავსებელია.

"ხელისუფლება ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, რომელიც გარანტიაა ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის. შესაბამისად, კანონპროექტის ხელახალი ინიცირება ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას, ზიანს აყენებს სახელმწიფოს საერთაშორისო დონეზე და ლახავს ქვეყნის რეპუტაციას. რუსული კანონის მიღება საბოლოოდ დაასამარებს საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს - გახდეს ევროკავშირის წევრი",- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად "ჩაგდებული" პროექტის ანალოგიურია.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, პირველად, გასულ წელს, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების ჯგუფის, „ხალხის ძალის“, მიერ დარეგისტრირდა. მას პირველ მოსმენაზე 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რასაც საზოგადოების მასობრივი პროტესტი მოჰყვა, ამიტომ მთავრობას მისი უკან გაწვევა მოუწია.

ამასთანავე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ კანონპროექტს უკან აღარ დააბრუნებდნენ, თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ ხელმეორედ მაინც დააინიციირეს.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
Print