ანონსი
ქუთაისში ფერადი ქოლგების ფლეშმობი გაიმართება
FaceBook
"ქოლგებიანი გიდები - ჩვენ ვარსებობთ" - ამ სახელწოდებით ტურისტების გარეშე დარჩენილი გიდები ქუთაისში აქცია-ფლეშმობს მოაწყობენ.

ღონისძიება ხვალ, 30 ივნისს, 12:00 საათზეა დაგეგმილი, რომელიც ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

"ტურიზმი არ არის მხოლოდ სიტყვა, ტურიზმი არის ადამიანებთან ურთიერთობა. ეს იქნება სრულიად აპოლიტიკური აქცია და ამით გვინდა უბრალოდ ვთქვათ, რომ ვარსებობთ და მზად ვართ მუშაობის გასაახლებლად. ჩვენ ჩვენი საქმე მოგვენატრა", - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და კომპანია Georgia by Tamar-ის დამფუძნებელი და გიდი თამარ ვაშაკიძე.

მსოფლიო პანდემიამ, ტურიზმი დიდი ხნით შეაფერხა და ტურიზმში დასაქმებული უამრავი ადამიანი, ულუკმაპუროდ და საყვარელი საქმის გარეშე დატოვა. აქციის ორგანიზატორი საქართველოდან, რუსუდან ჯაფარიძე ამბობს, რომ აქცია-ფლეშმობი ყველა წესის დაცვით, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით გაიმართება.

"მოვივლით ფეხით ქალაქის ქუჩებს და გიამბობთ უამრავ საინტერესო ამბავს. გაიცანით თქვენი ქალაქი, ქოლგებიან გიდებთან ერთად. ტურისტების გარეშე დარჩენილ გიდებს ნამდვილი სტრესი გვაქვს, იმდენად გვენატრება და გვსურს დავკავდეთ საქმით, ვესაუბროთ, ვაჩვენოთ ხალხს ჩვენი ქვეყანა, მოვუყვეთ საინტერესო ამბები, მოვეფეროთ ჩვენს უნიკალურ ისტორიას. ამიტომაც, უნგრელი კოლეგების გამოწვევა სიამოვნებით მივიღეთ, ვუერთდებით ფერადი ქოლგების ფლეშმობს", - ამბობს რუსუდან ჯაფარიძე.

გიდების განმარტებით, ქოლა გიდის სიმბოლოა, როგორც ზრუნვის გამოხატულება.

აქცია-ფლეშმობი ქუთაისის გარდა, სხვადსხვა ქალაქშიც გაიმართება.

საქართველოში პანდემიის გამო საერთასორისო ტურიზმი მიმდინარე წლის 21 მარტიდან ავიამიმოსვლის სრულად შეჩერებასთან ერთად შეწყდა. შიდა ტურიზმი პირველი ივლისიდან განახლდა, ხოლო საერთაშორისო ტურიზმი განახლებამ ერთი თვით გადაიწია.

Print