ახალი ამბები
"რამდენად გამოგვივა,ვნახოთ" - ქუთაისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტზე
FaceBook

ქუთაისის მერიის ეკონომიკის  სამსახურის უფროსის, გიორგი გიორგობიანის თქმით, თვითმმართველობა 60 მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანის გეგმაზე მუშაობს, რომლებიც შესაძლოა ელექტრონული იყოს.

სამსახურის უფროსმა დღეს მხოლოდ სავარაუდო ციფრებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ზუსტი გეგმა მერიას ჯერჯერობით არ აქვს.

"ვფიქრობთ,  60 ავტობუსის შემოყვანას. საუბარია 7-8 მილიონ ევროზე, თუმცა, ეს არის სავარაუდო ციფრები და კონკრეტულ გეგმაზე ახლა არ შემიძლია საუბარი. ჩვენ გვინდა, რომ ცნება "მუნიციპალური ტრანსპორტი" გაჩნდეს ქალაქში. რამდენად გამოგვივა, ვნახოთ", -განაცხადა ეკონომიკის  სამსახურის უფროსმა, გიორგი გიორგობიანმა.

მერიის გეგმების არ სჯერა ოპოზიციას. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის " თავმჯდომარის,  გიგა შუშანიას თქმით,  თვითმმართველობას არ აქვს კონკრეტული გათვლა და ეს დაპირებაც შეუსრულებელი დარჩება.

"ახალი რაღაც მოიფიქრეს, თურმე, ელექტრომობილების შემოყვანას გეგმავენ. ისიც კი არ აქვთ დათვლილი რა უჯდებათ ერთი ავტობუსი. ერთი წელი ალბათ, ამის გარკვევას მოანდომებენ, კიდევ ერთი წელი გეგმის შემუშავებას და ეს დაპირებაც დარჩება ჭიღვარიას მორიგ სადღეგრძელოდ", -განაცხადა გიგა შუშანიამ.

ქუთაისში მუნიციპალური ავტობუსების შესაძენად თანხების მობილიზება მთავრობამ ფინანსთა სამინისტროს დაავალა, რომელმაც მოლაპარაკებები "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან. უნდა აწარმოოს, თუმცა, ზუსტი ვადები როდის შეიძლება გადაწყდეს საკითხი, არც მთავრობის ადმინისტრაციაში და არც ქუთაისის მერიაში არ იციან.



 

Print