ახალი ამბები
ფოტოკონკურსი „ილო-2018“ იწყება
FaceBook
ქუთაისში, სკოლა  „ღონე ქვეყნისა“ ეზოში ფოტოკონკურს „ილო- 2018“- ის პრეზენტაცია გაიმართა. კონკურსი ყოველწლიურია და მეთერთმეტედ ეწყობა.

ფოტოკონკურს "ილოს" მიზანს ნიჭიერი ფოტოგრაფების გამოვლენა და ქუთაისში ფოტოხელოვანების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. 

"ამ კონკურსის კიდევ ერთი მიზანი სწორედ იმ ქუთაისური განსაკუთრებული ხასიათის, სითბოსა და სიყვარულის შენარჩუნება და ფირზე აღბეჭდვა წარმოადგენს, რომლის სახეც ილო ხახიაშვილი იყო", - ამბობს ქუთაისის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი  და ფოტოკონკურსის დამფუძნებელი თამთა თურმანიძე.

ძირითადი კონკურსის პარალელურად არის რუბრიკა, რომელიც უშუალოდ ქუთაისს ეხება. წლების განმავლობაში სწორედ ამ რუბრიკაში შემოსული ფოტოებით გახდა შესაძლებელი ფოტოალბომის "ქუთაისი: გუშინ, დღეს, ხვალ" გამოცება.
წელს ამ რუბრიკას "ჩემი ქუთაისი" ეწოდება, რომელშიც მონაწილეებმა უნდა ასახონ თავისი სუბიექტური დამოკიდებულება ამ ქალაქის მიმართ, მისი კოლორიტი, არქიტექტურა, სული, ადამიანები და ხასიათი! 

ძირითადი ფოტოკონკურსის თემა თავისუფალია და მასში გამარჯვებულებს პროფესიული ჟიური გამოავლენს. I, II და III ადგილებზე გასულ კონკურსანტებს ფულად ჯილდოებთან ერთად გადაეცემათ თავად ილოს გამოსახულებიანი მინიატურული ქანდაკებები.

კონკურსი გამოცხადდება: 2018 წლის 5 ოქტომბრიდან
საკონკურსო ნამუშევრები მიიღება: 2018 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით
შედეგები გამოცხადდება: 2018 წლის 14 ნოემბერს.

ფოტოკონკურსში გამარჯვებულთათვის დაწესებულია 4 პრემია
პირველი პრემია - 700 ლარი
მეორე პრემია - 600 ლარი
მესამე პრემია - 500 ლარი
და რუბრიკა "ჩემი ქუთაისი" - 300 ლარი

ილო ხახიაშვილი ქუთაისელი ფოტოგრაფი და მთელი ქალაქის საყვარელი კოლორიტი იყო. მისი ფოტოატელიე ათწლეულების განმავლობაში ქუთაისელების ცხოვრების ნამდვილ მატიანეს წარმოადგენდა. თითქმის მთელი ქალაქი მასთან მიდიოდა სურათის გადასაღებად - პასპორტისთვის, სტუდბილეთისთვის, პროფკავშირული მოწმობისთვის და ა.შ. დღეს თითქმის ყველა ქუთაისელის საოჯახო ალბომში ინახება მასთან გადაღებული სურათები.

წელს "ილოს" დასკვნითი გამოფენისთვის შეგროვდება ილოს ფოტოატელიეში გადაღებული სურათები და მათი ექსპოზიცია მოვაწყოთ საკონკურსო ფოტოებთან ერთად.

კონკურსი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით იმართება.
Print