ინტერვიუ
ევროპა საავტორო სივრცეა - ლელა იაკობაშვილი-ფირალიშვილი
FaceBook
რატომ ევროპა? - ეს კითხვა ხშირად გაისმის. მიუხედავად იმისა რომ გარკვევით ითქვა  ქართველი ვარ და მაშასადამე ევროპელიც.

ამაზე თითქოს ყველა შეთანხმდა. თუმცა, ეჭვები ევროპის მისამართით არ ცხრება.

რას ნიშნავს იყო ევროპელი? რით დაგვაზარალა ევროპული ოჯახიდან განდგომამ? როგორ უნდა დავბრუნდეთ უკან,? რატომ გვეშინია ევროპის? რას ვკარგავთ და რას ვიღებთ სინამდვილეში?  რატომ ევროპა? ამ საკითხებზე კულტუროლოგ ლელა იაკობაშვილ-ფირალიშვილს ვესაუბრებით.


- ევროპა საავტორო სივრცეა. ეს ნიშნავს, რომ ისინი თავად ირჩევენ საკუთარ თავსაც და პასუხისმგებლობასაც საკუთარ როლზე სამყაროს წინაშე თავად იღებენ. ამიტომ ისინი ნამდვილები არიან - საკუთარი და სამყაროს ქმნადობის თანამონაწილენი. ამიტომაც მათი კულტურა სრულიად ავტონომიურ რეჟიმში მუშაობს. ეს გახლავთ იმ მენტალობის ხალხი, რომელსაც მშვენივრად ესმის, რომ ისინი ნამდვილად არიან, ნამდვილები არიან და რამდენადაც არიან, უნდა ნამდვილად იცხოვრონ. უნდა თვალი გაუსწორონ საკუთარ არსებობას და პასუხისმგებლობას ამ არსებობის წინაშე. მათი სივრცე მათივე საკუთარი ძალისხმევით არის აგებული, საკუთარი ნებით, ადამიანად ყოფნის იდეოლოგიით. საკუთარი ესთეტიზმით, რაც მათ ეთოსს შობს, ექსისტენტურ მგრძნობელობაზე დაფუძნებულს, "კანონთა გონი"-ს გააზრებით, თავისუფლების პერსონალური (ფრეედომ) და სოციალური(ლიბერტყ) გაგების გააზრებით.

- ევროპის მიმართ არსებული შიში, ალბათ სწორედ ამ ნამდვილობის შიშია, პასუხისმგებლობისაც...

- რამდენადაც საქართველო და ქართველი პასუხისმგებლობას ვერ იღებს საკუთარი სივრცის აწყობაზე (ამას არა მხოლოდ აღმსარებლობა, არამედ რელიგიური სიღრმის მქონე ეთოსი ჭირდება), ამდენად, ის იძულებულია იმ ბერკეტებს დაეყრდნოს, რომელიც მას ფსევდოცხოვრების ილუზიას უქმნის. ასეთი კი ცოტა არ არის. ქართველთა იმ ნაწილისათვის, რომელიც რუსული იმპერიალიზმისა და, შესაბამისად, რუსული ენის ძალაუფლების ველში დაიბადა და საბჭოთა ეპოქის ე. წ. "სიამეებით" სარგებლობდა, ძნელია, დაანახო, რატომ უნდა მოიპოვოს ისინი თავისით. მოგეხსენებათ, გარანტირებული სამსახური, გარანტირებული ხელფასი, გარანტირებული საცხოვრისი და ა. შ. იოლად უქმნის ადამიანს კეთილდღეობის ილუზიას. ყველაფერი ამის გამო ყალიბდება რელატიური ზნეობა, რადგან ზნეობრივი მაქსიმები მხოლოდ სასაზღვრო სიტუაციაში დგინდება და ამგვარად აყალიბებს პერსონალურ თუ კოლექტიურ ეთოსს. საბჭოთა პერიოდის ადამიანი არ იყო საკუთარი თავის ავტორი, ვერც საკუთარ როლს ირჩევდა, ვერც საკუთარი საცხოვრისის ესთეტიზმს, შესაბამისად ვერც ეთოსს. ის მხოლოდ მავანთა ნების ობიექტი იყო და მის არსებობაზე, სიცოცხლესა თუ ცხოვრების განკარგვაზე სწორედ ეს "მავანნი" იღებდნენ(?) პასუხისმგებლობას.

წარმოიდგინეთ, რა ძალისხმევაა საჭირო, რომ შენ, როგორც შემოქმედებითი ნების მქონე სუბიექტი დაუბრუნდე საკუთარ თავს, საკუთარ ადამიანურ ფუნქციას, საკუთარი ღვთაებრივი ყოფიერების ძახილი იგრძნო და პასუხისმგებლობაც აიღო საკუთარ თავზე, ასე გაუღიმო "შენს" დროსა თუ შენს უფალს.

-„ქართველობის წართმევა“, „იდენტობის დაკარგვა“ და მსგავსი ავი ზრახვები ევროპას მიეწერება, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამას ძალიან მარტივად იჯერებს...

- პარალელურად, საზოგადოებაზე კონტროლისა და მართვის სიგნალები დღეს ღია მედიაარხებით ნაკადად მოედინება. მედიააქტორები უნებლიედ (საქართველოში ასეთი მაგალითი ბევრია), ან მიზანმიმართულად ასრტუქტურირებენ საზოგადოებრივ ცნობიერებას, განწყობებს, ღირებულებებს. პროპაგანდას რა ძალა აქვს, ახსნა არ ჭირდება. ამდენად, მისით იმ განწყობების მიმართ კონტროლი, რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. ამას ემატება განათლების ტოტალური დეფიციტი. საუკუნოვანი "რეფორმა", რომელიც არც მუშაობს და ვერც იმუშავებს ( ცალკე საუბრის თემაა - რატომ) და მედიალურ დისკურსს მორგებული უნებო და უვნებო მასა, დასავლური ღირებულებების მიმართ მხოლოდ მომხმარებლური მიმართება რომ აქვთ.

თუ ამ იდენტობასთან სრულ თანხმიერებაში ვართ, მაშინ მართლაც ძალზე ნიშანდობლივია, რომ გარკვეული ასაკისა და იდენტობის მქონე ადამიანები, რომელთა ცნობიერებაც კონსერვაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა, იდენტობათა რღვევად განიცდის იმას, რომ პასუხისმგებელია საკუთარ თავზე, საკუთარ "დროზე", საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ იდენტობებზე. კიდევ მეტს ვიტყვი, ისინიც კი, ვინც ამ მენტალობის მარწუხებს არ შეუბოჭავს, ევროპისგან - რეალურად ბევრად უკეთესი სივრციდან - ელიან იქ განთავსებას - იმ მადლის აღებას, რომელსაც საკუთარი რისკისა და სასიცოცხლო ენერგიის ხარჯვით მოიპოვა ევროპამ და სწორედ რომ კანონიერად ფლობს. იქაც ენერგიის მინიმალური ხარჯვის პრინციპით გვინდა "ჩავჯდეთ" ევროპულ სახლში.

კარგად დავფიქრდეთ, როდესაც რომელიმე ადამიანი გთხოვთ, თქვენს ოჯახში მიმიღეო, აუცილებლად დასვამთ შეკითხვას - რა სტატუსით აპირებ ჩემთან შემოსვლას: უნდა გარჩინო, როგორც საწყალი და უბირი, თუ მთავაზობ რაიმე ფუნქციას, რაც ჩემი ოჯახის შესაძლებლობებს გააფართოვებს შენი წყალობით და მეც და შენც სასიცოცხლო სივრცე გაგვეზრდება. ეს შეკითხვა დგას ჩვენს წინაშე დღეს. რა ფუნქციით გვსურს ევროპული სახლის საცხოვრისის ბინადარნი გავხდეთ. მუდმივად მესმის, მათგან "შეშფოთების" გარდა, არანაირი ხეირი არ არისო. რა ხეირს ველით, ეს ვიცით? დახმარება სად გვჭირდება - რომ ადამიანად ყოფნის რისკს გავუსწოროთ თვალი, თუ მათი აწყობილი სამყაროს ხარისხით ვისარგებლოთ.

მათთვის ხარისხი, რა თქმა უნდა, ღირსების საქმეა - არ აკადრებენ თავისთავს მდარეს - რამდენადაც ეკუთვნით -ეს მათივე შემოქმედების პროდუქტია, თავიანთი.

-და ჩვენ რა გვინდა?

- ჩვენ? ჩვენ რა გვინდა, მხოლოდ მათი ნაღვაწით ფსევდოარსებობის აგება, თუ იმ ღირებულებათა გათავისება, რომელშიც ისინი ცხოვრობენ.
დასავლეთისკენ სწრაფვა სახელმწიფო პოლიტიკაა და მე ძალზე კარგად მესმის, რომ ეს ჩემთვის, ქართველისთვის, იმ ეპოქის ნოსტალგიაა, რომელიც ჩემს გენეტიკურ მეხსიერებაში, როგორც ისტორიული გამოცდილება, დევს. აი, ამ განცდის, ამ ნების გაცოცხლებაა საჭირო და მაშინ ფუნქციაც გვექნება - პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და მერე ევროპისთვის თუ მსოფლიოსთვის.

თანამედროვე რუსეთს რომ მხოლოდ ტერიტორიულ ბუფერად ვჭირდებით, ეს ხომ ვიცით! გვაკავშირებს კი რაიმე იდენტობა მასთან. თუ მართლმადიდებლობაზეა საუბარი, იქაც მათი პოლიტიკა გამჭვირვალეა. მართლმადიდებელი იმპერიის სუბიექტებად და "მესამე რომის" სწორედ რომ, პოლიტიკურ ცენტრად მიიჩნევენ თავს. აქ სასუბროც კი არაფერია.

- რაზე უნდა გადავიდეს სიმძიმე? რა გვაქვს თავიდან სასწავლი?

- მთელი სიმძიმე, ჩემი აზრით, ჩვენივე შინაგან თავისუფლებაზეა გადასატანი, საკუთარ თავთან რისკიან პირისპირ დგომას ხელახლა უნდა მივეჩვიოთ და კიდევ ისტორიული გამოცდილების კვალდაკვალ გაგვახსენდეს, რომ ვართ, ნამდვილად ვართ და ნამდვილები ვართ და არავის სუროგატად ყოფნას არ გვაპატიებს არც საკუთარი თავი, არც მომავალი, არც შემდგომი თაობები, არც სამყარო და არც უფალი.

რას გვართმევს ევროპა - იმას რაც ჯერ არ გვაქვს და ვერც კი ვაცნობიერებთ რომ არ გვაქვს? ძველი იდენტობების კვალდაკვალ, რომელ ახალ იდენტობებთან ვიგრძენით ექსისტენტური, ემოციურ-სულიერი ბმა, სად ვართ საკუთარი თავის ავტორები თუ აქტორები აქ და ახლა. ეს ის თემებია, რომელიც კითხვებად რჩება, ჩემთვის უდრამატულეს შეკითხვებად. ჩემი ევროპული იდენტობა სწორედ ჩემს იმ ისტორიულ მეხსიერებას ეხმიანება, სადაც სწორედ ღირებულებებით ვიყავი მისი იდენტური და თუ მისკენ მაქვს ლტოლვა, სწორედ ეს ღირებულებათა სისტემა ხმიანებს ჩემში - ბოლომდე გაიცნობიერო, სად ხარ, ვინ ხარ, საიდან მოსულხარ და თუ საითმე მიდიხარ, რატომ მიდიხარ.

როდესაც ერთიან ევროპაზე ვსაუბრობთ, ძალზე კარგად გვესმის, რომ ის ზეეროვნული ერთიანი ღირებულებებით გაერთიანებული სივრცეა, სადაც თითოეული მათგანი საკუთარი უნიკალური კულტურის ველში ცხოვრობს: შევადაროთ ტემპერამენტიტა და ცხოვრების სტილით, თუ გნებავთ, შემოქმედებითი ქმნადობის ფორმებისადმი დამოკიდებულებით ისინი ერთმანეთს: გერმანელი და იტალიელი, ჰოლანდიელი და ფრანგი, ესპანელი და დანიელი და ა. შ ერთმანეთს და მივხვდებით, რომ არც ერთს საკუთარი ეთნიკური იდენტობა არ დაუკარგავს. მათთვის საკუთარი უნიკალურად მრავალფეროვანი სასიცოცხლო სივრცის ქმნადობის ნებაა საერთო. ერთმანეთს სწორედ ამით კვებავენ და ფუნქციას სწორედ ამით იძენენ ერთმანეთის მიმართ. ეგებ მითხრათ, რომ რომელიმემ საკუთარი იდენტობა დაკარგა და იტალიელი გერმანელად იქცა, გერმანელი ფრანგად ან საერთო უნიფიცირება მოხდა მათი. კიდევ ვიმეორებ - ისინი საკუთარი თავის, საკუთარი ეთნოსის, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სამშობლოს, საკუთარი სახელმწიფოს ავტორები და შემოქმედნი არიან. "ხატი და მსგავსი" უფლისა შემოქმედებითი, საავტორო ნებით. თუ ამის მზაობას ვგრძნობთ, სწორად გამიგეთ და, იქით მოუნდება ევროპას ჩვენს გამოცდილებასთან, ჩვენს შემოქმედებით ფორმებთან ზიარება, იქით იგრძნობს ჩვენს საჭირიებას თავის "ოჯახში" და რუსეთივით მხოლოდ ტერიტორიულ ბუფერად ( ამავდროულად მართლმადიდებლური იმპერიის პროვინციად) არ მოგვიაზრებს.

- მეორე და უმნიშვნელოვანესი თემაა, შევძლებთ თუ არა მდარე იმპერიალისტურ პროპაგანდას გავუმკლავდეთ იმ ინსტრუმენტალიებით, რომელიც ჩვენს ხელთაა. ფინანსები, რომელიც რბილი ძალით (პროპაგანდითა და მედიასაშუალებების ფლობით) მანიპულირებს, კიდევ უფრო მძაფრი გამოწვევის წინაშე გვაყენებს. აქ მნიშვნელოვანი კიდევ ერთია - შეგვრჩა კი შინაგანი ძახილი იმისა, რომ "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს" თუ გავფლანგეთ იმ არჩევანში, ვის კარზე უფრო კომფორტულად მოვეწყობით, რომ ცხოვრება "გავატაროთ" , და კი არ ვიცხოვროთ, "გავატაროთ" . თუ ეს შეკითხვა როგორმე გაცოცხლდა, ( და სწორედ შეკითხვაში ყოფნაა ჩვენი არსებობის დრამატიზაციის ხარისხი), კიდევ შეიძლება აღმოვაჩინოთ თავი და პარტნიორად შევთავაზოთ სხვას. სხვა შემთხვევაში "ასოცირების" ხელშეკრულებას" ვერ გავცდებით და არც დაგვიმსახურებია, რომ გავცდეთ.

მოსაზრებებს, რომ ევროპას მსოფლმხედველობრივი კრიზისი აქვს, ბოლომდე ვიზიარებ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ კრიზისი მათ წინაშე დგება, ვინც ერთ მსოფლმხედველობრივ ციკლს საკუთარი ნებით ამოწურავს და ახალი "გამოწვევის" აუცილებლობის წინაშე დგება. ასეთი ტიპის მსოფლმხედველობრივ კრიზისზე ჩვენთვის - ქართველებისათვისაც არ ვიტყოდი უარს. უბრალოდ, ჯერ ეს მსოფლმხედველობა უნდა გქონდეს, რომ ციკლი ამოწურო და ახალმა შინაგანმა ძახილებმა შენს ყურთასმენამდე მოაღწიოს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში
16:00 / 27.02.2024
ქუთაისში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობა,  2021 წელს გაიყიდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია რას უპირებს გუბერნსკის ციხის ისტორიულ შენობას ახალი მფლობელი.
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს
წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს
შეტევა.
15:20 / 05.07.2023
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს შეტევა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.