ბლოგები
უცნობი ქართველი 11 ჰოლივუდურ ფილმში
FaceBook
იგი ჰოლივუდის სასაფლაოზეა დაკრძალული, "პარამოუნთის კინოსტუდიის" დასავლეთით.

მის გვერდით - ჯო დასენის, მიკი რუნის, ჩარლ ჩაპლინ უმცროსის, დუგლას ფეირბენქსის, ჯონი რამონეს გარდა, მსოფლიო კინოს მთელი ვარსკვლავეთი განისვენებს.

1875 წლის 15 ნოემბერს ოზურგეთში, ქუთაისის მაზრაში დაბადებულა ნესტორ ერისთავი. მსოფლიო "ერისტოფად" რომ იცნობს. ეს სიმპათიური გარეგნობის ახალგაზრდა არც მეტი, არც ნაკლები, ჰოლივუდურ 11 ფილმშია გადაღებული.

ამათგან გამოსარჩევია სამი ფილმი, - 1955 წელს გადაღებული ალფრედ ჰიჩკოკის რომანტიკული თრილერი "ქურდის დაჭერა"; 1944 წელს ოტო პრემინგერის გენიალური "ლაურა" და 1946-ში ეკრანებზე გამოსული ედმუნდ გულდინგის "დანის პირზე".

მის შემოქმედებით "პორტფელიოში" აგრეთვე გახლავთ ისეთი ფილმები, როგორიცაა "ეგვიპტელი", მაიკლ კურტისის ეპიკური დრამა, სადაც პეტერ უსტინოვი და ბელა დარვი თამაშობენ; პრესტონ სტურგესის "მშვენიერი ქერა" და ეკატერინე დიდზე გადაღებული "სამეფო სკანდალი".

ნესტორ ერისთავი 1961 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა ჰოლივუდში და მეუღლესთან, პრინცესა ანა ერისთავთან ერთადაა დაკრძალული.



ამ სასაფლაოზეა დაკრძალული ბალერინა თამარა თუმანოვა (თუმანიშვილი) და დიმიტრი ჯორჯაძის მეუღლე სილვია.

საინტერესოა ისიც, რომ საფლავებს შორის ამაყად დასეირნობენ საკმაოდ ძვირადღირებული, 20 ათასამდე დოლარის ღირებულების ულამაზესი ფარშევანგები, რომელიც, როგორც სასაფლაოს დირექტორმა გამიმხილა, სომხური ასოციაციის კეთილი შემონაწირი ყოფილა.
Print