ახალი ამბები
დევნილებმა ქუთაისში გზა გადაკეტეს
FaceBook
ქუთაისში დევნილებმა, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, სადაც დევნილთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოა, გზა გადაკეტეს. მათი მოთხოვნა უცვლელია, ისინი ბინების ობიექტურად განაწილებას ითხოვენ.  

დევნილები, რომლებიც ბინის მიმღებთა სიაში ვერ მოხვედნენ, სამინისტროს კომისიას ადანაშაულებენ ქუთაისში ბინების შერჩევით გაცემაში. ისინი მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

იძულებით გადაადგილებული პირების განცხადებით, წლებია ისინი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, ასევე წლებია სამინისტრო მათ ბინებს პირდებათ და შესაბამისი ქულების არსებობის მიუხედავად, ამჯერადაც ბინების გარეშე დარჩნენ.

დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით (რომელიც კომისიის ერთ-ერთი წევრიც გახლავთ), პროცესი მიმდინარეობს გამჭვირვალედ. გიორგაძის თქმით, ბინების მიღების სურვილს 4 000 დევნილი გამოთქვამდა, აქედან მოცემულ ეტაპზე უწყება მხოლოდ 429 დევნილის ბინით დაკმაყოფილებას ახერხებს.

"ვარჩევთ ისეთ ოჯახებს, სადაც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. ქულებიც გროვდება მათი მდგომარობიდან გამომდინარე. იყო ოთხი შემთხვევა, როცა დაზუსტება გახდა საჭირო, ხარვეზი იყო ნამდვილად და გამოსწორდა. სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, იმისთვის, რომ ბინების დანაწილება სამართლიანი იყოს," - აცხადებს გიორგაძე.

დევნილთა სამინისტრომ იმ ოჯახების სიები, რომელთაც ქუთაისში ბინები გადაეცემათ, უკვე გამოაქვეყნა.

სამინისტროში განმარტავენ, რომ 429 დევნილი ოჯახი აღმაშენებლის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარედ აშენებულ კორპუსებში გადანაწილდებიან.

უწყებაში ვარაუდობენ, რომ დევნილ ოჯახებს ბინების გასაღებები სექტემბრის შუა რიცხვებისთვის გადაეცემათ.


ამავე თემაზე:

"ავიფეთქებ თავს" - დევნილების მიმართვა მინისტრს და პროტესტი ბინების განაწილებაზე ქუთაისში (ვიდეო)

ხმაური და დაპირისპირება ქუთაისის დევნილთა სამმართველოში
Print