ახალი ამბები
"ეს არის ქალაქის შეურაცხყოფა" – ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის დაბრუნებას ითხოვს
FaceBook
ქუთაისში საზოგადოებრივმა მოძრაობამ ,,დატოვე პარლამენტი ქუთაისში" აქცია-პერფორმანსი გამართა.
აქციაზე სხვადასხვა მხატვრის მიერ შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა, რომლებიც სიმბოლურად პარლამეტის ქუთაისში დაბრუნებას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი მანამდე იბრძოლებენ, სანამ ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი არ დაუბრუნდება.

"2012 წლიდან მოყოლებული ყველა ხელისუფლებაში მყოფი პირი აცხადებდა ქუთაისი არ დაკარგავდა საპარლამენტო სტატუსს. ეს არის ქალაქის შეურაცხყოფა. დღეს არ შევიკრიბეთ პარლამენტის შენობის წინ, რადგან იქ არაფერი ხდება. მაშინ მივალთ იქ, როცა აღდგება სტატუსი. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორი პოლიტიკა გააჩნია ხელისუფლებას რეგიონების მიმართ. ეს არის ცუდი გზავნილი სხვა რეგიონებისთვისაც" , - ამბობს მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, ნუგზარ კოხრეიძე.


2019 წლის 5 თებერვალს საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია თბილისში გაიხსნა და 2012 წლის შემდეგ საკანონმდებლო ორგანო მუშაობას თბილისში აგრძელებს. თუმცა, სამოქალაქო მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" ბრძოლას არ წყვეტს და პარლამენტის ქუთაისში დასაბრუნებლად იბრძვის.


ავტორი: ლილე ბერიძე

Print