ახალი ამბები
სხდომიდან "გაქცეული" მერის მოადგილე და დაპირისპირება ტყიბულის მუნიციპალიტეტში
FaceBook
ტყიბულის მერის მოადგილეს, გიორგი ლომთაძეს საკუთარი თანაგუნდელები უპირისპირდებიან.
უმრავლესობის დეპუტატები ლომთაძეს მუშაობას უწუნებენ და ჩავარდნილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახსენებენ.

აღმასრულებელსა და საკრებულოს უმრავლესობას შორის კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ლომთაძე ერთწლიანი ანგარიშის წარდგენის დროს საკუთარმა კოლეგებმა ღიად გააკრიტიკეს.

დეპუტატებმა მერის მოადგილეს ის კონკრეტული პროექტები შეახსნეს, რომლებიც, მათი თქმით უხარისხოდ გაკეთდა.

სხდომაზე, მერის მოადგილის მუშაობა 20 დეპუტატიდან 19–მა არასაკმარისად შეაფასა, რამაც გიორგი ლომთაძე გააღიზიანა და მან დარბაზი დემონსტრაციულად, კარის გაჯახუნებით დატოვა.

საკრებულოს "პატრიოტთა ალიანსის" წევრი, ზვიად ობოლაძე ამბობს, რომ საკრებულოს უმრავლესობასა და აღმასრულებელს შორის კონფლიქტი გასულ წელს დეპუტატებისთვის ხელფასების შემცირების გამო დაიწყო. ბოლო საკრებულოს სხდომაზე კი მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო გამოაშკარავდა.

"ბოლო ორი თვეა რაც გამოიკვეთა ეს დაპირისპირება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დეპუტატებს 150 ლარით შეუმცირეს ხელფასები. უმრავლესობამ ეს გააპროტესტა და მიიღეს გადაწყვეტილება ისევ გაზრდაზე, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მომატების აქტი იყო უკანონო და მესამე სხდომაზე ისევ გააუქმეს ეს აქტი. ამას დაემატა ისიც, რომ ფრაქციების შექმნა უნდოდათ, უფრო მეტ დეპუტატს რომ ჰქონოდა ხელფასი, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მისცეს. ეს ყველაფერი დაგროვდა და ახლა იჩინა თავი. ბიუჯეტი გახადეს სახელფასო, სხვა არაფრისთვის არ რჩება თანხა. იციან უკვე დიდი დრო რომ აღარ დარჩათ და ერთმანეთს ჭამენ",– ამბობს ზვიად ობოლაძე.

იმას, რომ საკრებულოს დეპუტატები შემცირებული ხელფასის გაზრდას ითხოვდნენ, ადასტურებს საკრებულოს თავმჯდომარე. ნატალია კობახიძის თქმით, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისთვის ხელფასების შემცირება უკანონოდ მოხდა.

"არაკანონიერად მოხდა ხელფასების ჩამოკლება. ეს უნდა შეხებოდა საჯარო მოხელეებს და არა პოლიტიკური თანამდებობის პირებს და ამის გასწორებას შევეცადეთ, მაგრამ საჯარო სამსახურის  ბიურომ ამაზე უარი გვითხრა და ისევ ისე დალაგდა, როგორც იყო ადრე",–ამბობს ნატალია კობახიძე.

საკრებულოს თავმჯდომარე ერთ–ერთი იყო, რომელმაც გიორგი ლომთაძის მუშაობა არასაკმარისად შეაფასა. თუმცა, ამბობს, რომ მერის მოადგილე არა პიროვნული მოტივით, არამედ, მიღებული შედეგის გამო გააკრიტიკეს.

"მე დავეთანხმე საკრებულოს შეფასებას, მაგრამ ეს მოხდა მისი მუშაობის შედეგის მიხედვით და არა პიროვნული დამოკიდებულების გამო. არავითარი დაპირისპირება არ არსებობს", – ამბობს ნატალია კობახიძე.

გიორგი ლომთაძეს მუშაობას უწუნებს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თემურ ძაგნიძეც. ძაგნიძე მიიჩნევს, რომ ტყიბულში ბოლო პერიოდში გაკეთებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი უხარისხოა და მერიამ უფრო მეტი უნდა მოინდომოს.

"სპორტის სასახლე, აუზი, ბაღი –სამივე ხარვეზებითაა გაკეთებული. ინფრასტრუქტურა ეს არის ხერხემალი და ამას სათანადო ყურაღებას არ აქცევენ. ცოტა უნდა მოინდომოს, რომ ასეთი რაღაცეები აღარ განმეორდეს", – ამბობს თემურ ძაგნიძე.

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მაცაცო ჯინჯიხაძე მიიჩნევს, რომ დეპუტატების შეფასება სამართლიანია, რადგან ტყიბულში ინფრასტრუქტურული პროექტების მხოლოდ 50%–ია შესრულებული.

"პიროვნული ფაქტორი როგორ უნდა იყოს, როცა მხოლოდ 50%–იანი შესრულებაა პროექტების?!. რა თქმა უნდა მერიის მუშაობას არასაკმარისად ვაფასებ",–ამბობს მაცაცო ჯინჯიხაძე.

მერიასა და საკრებულოს შორის კონფლიქტს არ ადასტურებს ქალაქის მერი. თემურ ჩუბინიძემ თავდაპირველად უარყო, რომ დეპუტატების შეფასებამ მისი მოადგილე გაანაწყენა, თუმცა, მოგვიანებით თქვა, რომ კარის გაჯახუნების მომენტი, შესაძლოა, მხედველობიდან გამორჩა.

"შეიძლება კარის გაჯახუნების პროცესს მე არ მივადევნე თვალი, მაგრამ საკრებულოდან რომ გამოვიდა, სხდომა დასრულების ფაზაში იყო. გაჯახუნება ერთია და გასვლა მეორეა. ვინ როგორ აღიქვამს ამას ვერ გეტყვით. როცა მორჩა გიორგის თემის გამხილვა, მე ვუთხარი რომ საქმეები ჰქონდა  და წავიდა თავის საქმეზე. ასეთ დრამატულ სურათებს ვინ ხატავს არ ვიცი",–ამბობს თემურ ჩუბინიძე.

ქალაქის მერი გასული წლის ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებაში ხარვეზებს თავადაც ხედავს, თუმცა, ამბობს, რომ ეს როგორც სუბიქტური, ასევე, ობიექტური მიზეზებით იყო განპირობებული.

"ზოგად სურათს თუ შევადარებთ, რა თქმა უნდა არ არის საკმარისი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მერიას არაფერი გაუკეთებია. მარტო ჩვენი მიზეზით არ ხდება ეს, იყო ობიექტური და სუბიექტური მიზეზებიც", – ამბობს თემურ ჩუბინიძე.

საკრებულოს სხდომათა დარბაზში მომხდარზე საუბარი არ სურს თავად მერის მოადგილეს.

"ყველა ობიექტურ შენიშვნას ვიზიარებ, მაგრამ საკრებულოს სხდომასთან დაკავშირებით არ გავაკეთებ კომენტარს. მე დავასრულე ჩემი ანაგრიში და შემდგომ როგორც ხდება რეგლამენტის შესაბამისად, დავტოვე საკრებულოს სხდომა. კარი არ გამიჯახუნებია და მშვიდად და წყნარად გავედი",–ამბობს გიორგი ლომთაძე.

იყო თუ არა ობიექტური საკრებულოს უმრავლესობის კრიტიკა მისი მისამართით, ამაზე ლომთაძე განმარტებებს არ აკეთებს. მერის მოადგილე არ საუბრობს არც იმ მიზეზებზე, რატომ ჩამოდის წყალი ტყიბულში ახლახანს აშენებულ საბავშვო ბაღებსა და ახლადრეაბილიტირებულ სპორტის სასახლეში, ან რატომ ვერ აითვისა მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი ორი მილიონი ლარი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.