ახალი ამბები
მსჯავრდებული, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, კვლავ უგონო მდგომარეობაშია
FaceBook
გეგუთის ციხეში მოკლული გიგა ფარტენაძის საქმეზე მსჯავრდებული, შოთა შანიძე, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, მეოთხე დღეა უგონო მდგომარეობაშია.
შანიძე ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"ჯერჯერობით არ ვიცი გადავრჩით თუ დავიღუპეთ. კვლავ უგონოდაა. რეანიმაციაში ვერ შევდივართ, რადგან სპეციალური ნებართვა არ გვაქვს",–ამბობს მსჯავრდებულის დედა,  ნატო შანიძე.

მისი თქმით, შვილის თვითმკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით გარკევული ეჭვები აქვს.

"უკვე გამიჩნდა ეჭვი. შოთა არ იღებდა მედიკამენტებს, არ ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, ვარჯიშობდა და ჰქონდა მიზანი, რომ მისი უდანაშაულობა დაემტკიცებია. ძალიან შემართებით იყო და მეუბნებოდა, რომ არ გვქონდა დაღლის უფელბა",–ამბობს ნატო შანიძე.

მსჯავრდებული, სავარაუდოდ, სასამართლო პროცესს, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 22 თებერვალსაა ჩანიშნული, ვერ დაესწრება. მისი ადვოკატის, გიორგი გოგინავას თქმით, თუ შანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, იგი პროცესის გადადებას მოითხოვს.

შოთა შანიძემ #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თვითმკვლელობა 9 თებერვალს სცადა. არსებული ინფორმაციით, შანიძემ თავის ჩამოხრჩობა სააბაზანოს კარზე, პოლიეთილენის პარკით სცადა.

შოთა შანიძე მიმდინარე წლის 22 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მორიგ პროცესს უნდა დასწრებოდა.

25 იანვარს მან სასამართლოზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა და ფარტენაძის სასტიკად ცემაში თანამონაწილეობა უარყო. შანიძის თქმით, ფარტენაძე მისმა თანასაკნელებმა და ე.წ. –მა მაყურებლებმა სცემეს.

პროცესზე მან მის მიმართ ზეწოლსა და არაადამიანურ მოპყრობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით მასზე ფსიქოლოგიურად ზემოქმედებენ. თქვა, რომ მის ოჯახს დაცვა მოუხსნეს და მისი ლიკვიდაციის საფრთხეც არსებობს.

შოთა შანიძე ოთხი წელია სასჯელს სამარტოო საკანში, ვიდეო მეთვალყურეობის ქვეშ იხდის.

24 წლის გიგა ფარტენაძე გეგუთის ცეხეში 2014 წლის 4 მარტს, ცემით მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, საკანში მყოფ მსჯავრდებულებს: შოთა შანიძეს, ლევან მოისწრაფიშვილს, გიორგი სეხნიაშვილსა და გიგა ფარტენაძეს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შანიძემ, სეხნიაშვილმა და მოისწრაფიშვილმა გიგა ფარტენაძე იატაკზე წააქციეს, რა დროსაც მან გონება დაკარგა და წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო. მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებდნენ სასტიკ ძალადობას, კერძოდ, გულმკერდის, კისრისა და სახის არეში ხელებითა და ფეხებით სცემდნენ და თავს ბეტონის იატაკზე არტყმევინებდნენ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შოთა შანიძეს 15, გიორგი სეხნიაშვილს 9 და ლევან მოისწრაფიშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


Print