ახალი ამბები
თამაშით მოყოლილი ძალადობის ისტორიები
FaceBook
"ვიდრე შეგეძლო, იტალიელებს ბანდი, ახლა თვითონ მოსავლელი რომ ხარ, ჩვენთან ჩამოდი?" – 20 წლიანი ემიგრაციის შემდეგ, ამ სიტყვებით შეხვდნენ ყველაზე ახლობლები.

შრომისგან დაღლილ ასაკოვან ქალში ვეღარავინ ხედავდა დედას.

ქალმა შვილებს თვალებში ჩახედა და მიხვდა, რომ მისი როლი ფულად გზავნილებთან წყდებოდა. თავი დახარა და ისევ სხვის სამშობლოში წასვლა ამჯობინა, – ეს იყო სპექტაკლის ბოლო მოქმედება, რომლის შემდეგაც, დედის როლში მყოფმა მარიამმა მაყურებლისკენ ინტერესით გააპარა მზერა და მის ემოციას დაელოდა.

მარიამთან ერთად სპექტაკლში სხვა ახალგაზრდებიც მონაწილეობენ. მათი როლები ამბებისა და პერსონაჟების მიხედვით იცვლება. სკოლის მოსწავლე გოგო–ბიჭებისგან შემდგარი ეს პატარა ჯგუფი ერთმა სათქმელმა გააერთიანა – ებრძოლონ ძალადობის ყოველგვარ ფორმას. მათი იარაღი თამაშია. ცხოვრებაში მომხდარი სახიფათო, მძიმე ისტორიების თამაში, რომელმაც მაყურებელი უნდა გააღვიძოს, ააღელვოს, დააფიქროს და ნაწილობრივ მაინც შეცვალოს მათი დამოკიდებულება, თუ ხედვა. 

"მაშინაც კი, როცა არც მოძალადე ხარ და არც მსხვერპლი, რაღაცნაირად მაინც ძალადობრივი გარემოს ნაწილი ხდები. მაგალითად, თუ ქუჩაში ხედავ, დედა რომ საჯაროდ ლანძღავს შვილს ესეც ძალადობაა," – ამბობს ფონდი "სოხუმის" ახალგაზდული ფორუმ – თეატრის ერთ–ერთი მსახიობი 17 წლის მარიამ რობაქიძე.

ფორუმ–თეატრის 13 კაცისაგან შემდგარი დასი კოსტუმებისა და დეკორაციების გარეშე, ნებისმიერ ადგილზე იწყებს თამაშს. ქუჩებსა და მოედნებზე, სოფელსა თუ ქალაქში.



სცენა სპექტაკლიდან, რომელიც ქუთაისში ჩატარდა 



მარიამ რობაქიძე მსხვერპლის როლში


"ნანახი უფრო მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე მოყოლილი. ამიტომ ჩვენც ვცდილობთ ძალადობრივი ქმედებების, მისი სხვადასხვა ფორმის ნათლად ჩვენებას მაყურებლისათვის, " – ამბობს ფორუმ–თეატრის ახალგაზრდა მსახიობი ვიკა ჭიჭუეიშვილი, რომელმაც თავის თეატრალურ დასთან ერთად ამჯერად გურიის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლის მოსწავლებისთვის ითამაშა.



სკოლის მოსწავლეები ყვებიან, რომ თეატრში თამაშის სურვილმა, ასევე, პროტესტმა მიიყვანათ. ხშირად ისინი არამხოლოდ სცენიდან, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც ცვლიან ძალადობრივ გარემოს.  ამის მაგალითი 14 წლის გოგონაა, რომელმაც საკუთარი დედა მოძალადე მამას განარიდა. 

"საზაფხულო ბანაკიდან რომ დავბრუნდი, დედა ნაცემი დამხვდა. თურმე  წლების განმავლობაში ახერხებდა რომ არ დამენახა ეს ყველაფერი. სპეციალისტების დახმარებით ჩვენ დავაღწიეთ თავი მოძალადეს და ახლა ცალკე ვცხოვრობთ," – ამბობს გოგონა, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ მომუშავე ფონდ "სოხუმის" მიერ ორგანიზებულ ბანაკში იმყოფებოდა, სადაც  ძალადობაზე წარმოდგენა ახალგაზრდული ფორუმ–თეატრის მიერ დადგმული არაერთი სპექტაკლითაც შეიქმნა.   

მსახიობების მიერ თამაშით მოყოლილი ისტორიები ნამდვილია. ეს ნაღვლიანი ამბები თეატრამდე სხვადასხვა გზით მიდის. როგორც თეატრის დირექტორი, ნინო ჭაბუკიანი გვიყვება, მაყურებელი ხშირად სპექტაკლის მეშვეობით საკუთარ თავს გვერდიდან ხედავს, ფიქრობს, აანალიზებს. შემდეგ კი დისკუსიის დროს საკუთარ ისტორიასაც ყვება.

"ლაპარაკსაც იწყებენ, თუმცა მესამე პირში. დისკუსია იმის გარკვევაში ეხმარებათ, დაინახონ როგორ შეიძლება გადაწყვიტონ პრობლემა. ძალიან ხშირად სოფლებში მეორედ და მესამედ გვთხოვენ ჩავიდეთ და ახალი სპექტაკლები ჩავიტანოთ," – ამბობს ნინო ჭაბუკიანი.

ფორუმ-თეატრის საშუალებით ქუთაისში ძალადობრივი გარემოს შეცვლა ორგანიზაციის დირექტორის, ალა გამახარიას იდეა იყო. ამერიკელი რეჟისორის, ავგუსტო ბოალის კონცეფციის ქართულ რეალობაზე მორგება ალა გამახარიამ თავის არასამთავრობოში სცადა. ორგანიზაციამ აქტიური, მებრძოლი ახალგაზრდები შემოიკრიბა და მეცხრე წელია სპექტაკლით ძალადობას აპროტესტებს და საზოგადოებას რეალობის შეცვლის გზებს სთავაზობს.

პირობით სცენაზე ფორუმ–თეატრი 18 ნამდვილ, შეულამაზებელ ისტორიას ყვება. მეცხრამეტედ შეიძლება მარიკას ამბავი იქცეს და მისი ცხოვრების მტკივნეული ეპიზოდები მაყურებელმა ხვალ სპექტაკლში იხილოს.

"ყველაზე დაუცველი საკუთარ სახლში ვიყავი. მცემდნენ, მლანძღავდნენ. მეც ისე დავიჯერე ცუდი რომ ვარ, ბოლოს სარკესაც ვეღარ ვუსწორებდი თვალს..."

მარიკა ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. ის ახალგაზრდაა, ლამაზი.

ჩაგვრაში გატარებულ ათ წელს თავი დააღწია. ახლა გადატანილის დავიწყებას ცდილობს. საკუთარ ისტორიას გამალებით ყვება. უნდა იმდენი ისაუბროს, სათქმელი გამოელიოს. წყენისგან დაიცალოს, გათავისუფლდეს.

"ფიზიკურ ტკივილს ვუძლებდი, მაგრამ ცილისწამება ვეღარ ავიტანე".

მარიკას პროტესტი მიუღებელი აღმოჩნდა ოჯახისთვის. ამის გამო პასუხიც აგებინეს. პირველი სასჯელი ოთახში გამოკეტვა, შემდეგი შვილის წართმევა იყო.



ახალგაზრდული ფორუმ–თეატრი, თავისი ბუნებით, არამხოლოდ სცენას სცდება, განსხვავებულია თამაშის წესებიც: სპექტაკლი შეიძლება ნებისმიერ დროს შეწყდეს. მაყურებელი გახდეს მონაწილე, ჩაერიოს თამაშში და სცენის დასასრულიც ისე შეცვალოს, საქმე ძალადობამდე არ მიიყვანოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფორუმ–თეატრის პრინციპი - გამოუვალი სიტუაციიდან გამოსავლის დანახვაზეა დაფუძნებული.

"ჩვენი მიზანია საზოგადოებას დავანახოთ, თუ როგორ შეუძლია თითოეულს ძალადობის პრევენცია, მართვა. სპექტაკლის ნახვის შემდეგ, მსმენელი ძალადობის მიზეზებზეც იწყებს ფიქრს", – ამბობენ ფორუმ-თეატრის წევრები. ახალგაზრდებისთვის სპექტაკლი ყველაზე წარმატებული მაშინაა, როცა თამაშში მაყურებელი ერთვება. ასე მსახიობები ხვდებიან, რომ მსმენელამდე სათქმელი სწორად მიიტანეს.

მაყურებლის მხრიდან რეაგირება მოჰყვა ხაჯალიის სკოლაში გათამაშებულ ეპიზოდს. უფროსკლასელმა გოგონამ, თავისი ქმედებით, საქმე ძალადობამდე არ მიიყვანა, თამაშში ჩაერთო და სცენის დასასრული შეცვალა.



სპექტაკლის შედეგად ემოციით დამუხტული მსახიობები და მაყურებლები ფორუმ-თეატრის დადებით გავლენაზე საუბრობენ.



სიყვარულის დეფიციტის გარდა, ოჯახში კონფლიქტამდე ადამიანები კიდევ ბევრ სხვა მიზეზს მიჰყავს.

ფსიქოლოგების მტკიცებით, ქალზე ძალადობა, პირველ რიგში, ხაზს უსვამს კულტურაში ფესვგადგმულ უთანასწორობას, სადაც ძალაუფლებას კაცი ფლობს და ფლობს მხოლოდ იმიტომ, რომ კაცია. 

ძალადობის მიზეზად განიხილავენ ტრამვულ მეხსიერებასაც. ბავშვობაში მიღებულ და ზრდასრულობაში გადაუტანელ სტრესს. მჩაგვრელად გადაქცეულ დაჩაგრულს და უამრავ სხვა საზოგადო, თუ ინდივიდუალურ ფაქტორს.  



მანანა გოცირიძე ფონდში "სოხუმი" მისულ პაციენტებს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს. მისი დაკვირვებით, მსხვერპლისთვის ყველაზე რთული ლაპარაკის დაწყებაა.

"ქალებს ხშირად რცხვენიათ თავიანთი ისტორიების მოყოლა. ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, დაუფარავად ისაუბრონ ფსიქოლოგთან. ამის შემდეგ აუცილებლად დააღწევენ თავს სტრესს და პრობლემის გადაწყვეტის გზებზე დაიწყებენ ფიქრს," - ამბობს მანანა.

სტრესის დაძლევის შემდეგ მსხვერპლს ეკონომიკური თანადგომა, გარემოსთან დამოუკიდებლად ადაპტაციის უნარის გამომუშავება სჭირდება. ასეთი სერვისის სრულფასოვნად მიღება კი ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით შეუძლებელია.

"ძალადობის ფაქტების შემდგომ საქართველოში მსხვერპლს უშვებენ თავშესაფარში. რომ არაფერი ვთქვათ თავშესაფრების ნაკლებობაზე, საინტერესოა სად უნდა წავიდეს ქალი თავშესაფარში ცხოვრების შემდეგ. გრძნობს კი მსხვერპლი იმდენად უზრუნველყოფილად თავს რომ აღარ დაუბრუნდეს მოძალადეს? – ეს ის მთავარი საკითხებია, რომლის გადაჭრაც ვერ ხერხდება. თავის მხრივ არც მოძალადის რეაბილიტაციის პროგრამები არსებობს. ფაქტია, პრობლემასთან ორმხრივად მუშაობა უფრო მეტ ეფექტს მოგვიტანდა ქვეყანაში," – ამბობს ქუთაისში კულტურულ ჰუმანიტარული ფონდ "სოხუმის" დირექტორი ალა გამახარია, რომლის მიერ დაარსებული ორგანიზაცია 10 წელზე მეტია ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეხმარება. მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია დაახლოებით 300–მდე ქალს ფსიქოლოგიურ და სამართლებრივ დახმარებას უწევს.

სცენაზეც სწორედ ამ ქალების ისტორიები გააცოცხლეს. არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, თუმცა, მათივე თქმით, ამ კუთხით განათლების სამინისტრო მათთვის დახურულია. განათლება კი, ამ ბრძოლაში მთავარ იარაღად მიაჩნიათ. ამიტომაც, იმას, რაც მომავალ თაობას სკოლამ უნდა მიაწოდოს, თანატოლების ენითა და ემოციით, სცენიდან აწვდიან.



შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, იმერეთსა და რაჭა–ლეჩხუმში ბოლო ორი წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობის ფაქტები 50%-ით გაიზარდა.

ოფიციალური ცნობით, რეგიონში 2017 წელს ოჯახში ძალადობის 428 ფაქტი, ხოლო 2018 წელს 687 შემთხვევა დაფიქსირდა.

ოჯახში ძალადობის მხვერპლთათვის სახელმწიფო უზრუნველყოფს თავშესაფარს, სადაც მსხვერპლთა განთავსება სამ თვემდე ვადით ხდება.

მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრისთვის არსებობს 3 დამოუკიდებელი გზა: მსხვერპლის სატატუსის განმსაზღვრელი მუდმივმოქმედი საბჭო, შემაკავებელი ორდერი, დამცავი ორდერი.

სახელმწიფო თავშესაფარში მსხვერპლთა განთავსება სამ თვემდე ვადით ხდება.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ფსაკონსულტაციო ცხელი ხაზი 116 006

კულტურულ–ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმის":

ტელ: (+995 431) 27-29-02;
ტელ/ფაქსი: (+995 431) 27 13-68


ავტორები: ანა ჯანაშია, ლანა კოკაია

https://www.youtube.com/watch?v=vstt2n0YUSU&fbclid=IwAR1wGHH4p00q4HOaIkaiI-gvbNnPj5JrDeqVVTe4kVzXfIo_8THqhtNKHu8
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატები
ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
17:29 / 24.04.2019

ქუთაისის საკრებულოს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

რეგიონალური განვითარების ფონდიდან ქუთაისის მერიამ 3 422 000 ლარი
მიიღო.
15:35 / 24.04.2019
რეგიონალური განვითარების ფონდიდან ქუთაისის მერიამ 3 422 000 ლარი მიიღო.

დღის სიახლეები
17:29 / 24.04.2019
ქუთაისის საკრებულოს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
15:11 / 24.04.2019
ქუთაისის მერიის ეკონომიკის  სამსახურის უფროსის, გიორგი გიორგობიანის თქმით, თვითმმართველობა 60 მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანის გეგმაზე მუშაობს, რომლებიც შესაძლოა ელექტრონული იყოს.
12:35 / 23.04.2019
იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, რომელიც 24-30 აპრილის ჩათვლით გაგრეძელდება საქართველოს მოსახლეობას აცრის ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
12:02 / 23.04.2019
ქუთაისის ოპერის თეატრი, რომელსაც სულ მალე 50 წელი უსრულდება, სავალალო მდგომარეობაშია.
10:28 / 22.04.2019
ქუთაისელი სკოლის მოსწავლეები სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარნენ.
16:36 / 21.04.2019
ქუთაისის კათოლიკე ეკლესიაში აღდგომის დღესასწაული აღინიშნა.
12:02 / 21.04.2019
ყავა ბანანით - მარტივი და საოცარი გადაწყვეტაა ზაფხულის ცივი დღეებისათვის.
11:33 / 21.04.2019
დედამიწის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, 22 აპრილს, ქუთაისში, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან