რეგიონი
ვინ ვის სცემა ვანში - დაპირისპირება შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლებს შორის
FaceBook
11 იანვარს, ვანში, რესტორან "მასპინძელოში" მომხდარ ინციდენტზე ვანელებს საუბარი უჭირთ.

რესტორნის თანამშრომლები ჰყვებიან, რომ დაპირისპირება რესტორნის შიგნით არ მომხდარა და ჩხუბი გარე ტერიტორიაზე დაიწყო.

"ღამის  12 საათის მერე წავედი რესტორნიდან, სამზარეულოში ვმუშაობ. მაგიდებისკენ არ გამოვდივარ ხოლმე. ჩემი ყოფნის დროს არაფერი არ იყო. ისხდნენ და ქეიფობდნენ ჩვეულებრივად პროკურატურისა და პოლიციის თანამშრომლები, დაახლოებით 15 ადამიანი იქნებოდა. მერე გარეთ მომხდარა ეგ ჩხუბი. მაგრამ რა მოხდა არ ვიცი", - ამბობს რესტორნის ერთ-ერთი თანამშრომელი, მზია მეფარიშვილი.

ინციდენტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ არც ადგილობრივები. თუმცა, აღნიშნავენ, რომ მსგავსი შემთხვევი ხშირად ხდება.

"ვანში სულ ჩხუბობენ, ვინ ვის ურტყამს და ცემს კაცმა არ იცის,მაგრამ ძირითადად არ ხმაურდება. ეს ამბავი კი, ნამდვილად ინტერნეტით გავიგეთ", – ამბობენ ადგილობრივები.

არსებული ინფორმაციით, ვანის პოლიციის უფროსის მოადგილემ კობა დვალიშვილმა პროკურორი და მასთან ერთად მყოფი პირი ცემა.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო. ფაქტის შესწავლა ასევე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ. შსს-ს ცნობით, ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს შეუჩერდათ სამსახურეობრივი უფლებამოსილება.

"გამოძიება დაადგენს ჰქონდა თუ არა პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ადგილი. ნებისმიერი სამართალდამცველის მხრიდან პროფესიული ეთიკისა და პოლიციელის ღირსების შემლახველ ყველა ქმედებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება", - აცხადებენ შსს-ში.
Print