ახალი ამბები
„იმპიჩმენტის განზრახვა აქვთ“ – დაპირისპირება ხარაგაულის მერსა და საკრებულოს უმრავლესობას შორის
FaceBook
ხარაგაულის მერსა და საკრებულოს შორის ერთი წლის წინ დაწყებული დაპირისპირება, შესაძლოა, მერის იმპიჩმენტით დასრულდეს.
ნიკოლოზ თოფურიძესა და უმრავლესობას შორის კონფლიქტის არსებობა, საკრებულოს 8 იანვრის სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, სადაც, დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის მერი შეუსრულებელი სამუშაოების გამო ღიად გააკრიტიკეს.

საკრებულოს წევრების თქმით, მერი არასწორად ანაწილებს პრიორიტეტებს, ვერ ახერხებს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხის ათვისებას და დიდ თანხას ხარჯავს სარესტორნე მომსახურებისთვის.

8 იანვრის სხდომაზე, სადაც ნიკოლოზ თოფურიძემ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა, 28 დეპუტატიდან 27–მა მერის მუშაობა უარყოფითად შეაფასა.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, ინგა მაღრაძე მერსა და საკრებულოს უმრავლესობას შორის ძალაუფლების გადანაწილების გამო დაწყებულ ღია ბრძოლაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ამ ფონზე არ არის გამორიცხული მერის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს.

"აქამდეც იყო ის პრობლემები ხარაგაულში, რის გამოც ახლა უმრავლესობა მერს აკრიტიკებს, მაგრამ მაშინ ამაზე ღიად არავინ საუბრობდა. ასეთი მწვავე კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც მერს პიროვნულად დაუპირისპირდა საკრებულო და ცალკეული დეპუტატები. იმპიჩმენტზე ღიად საუბარი არ ყოფილა, მაგრამ ეს განზრახვა დიდი ხანია აქვთ. ეს არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა", – ამბობს საკრებულოს ფრაქცია "თვითმმართველობა ხალხისთვის" თავმჯდომარე, ინგა მაღრაძე.

აღმასრულებელსა და საკრებულოს უმრავლესობას შორის კონფლიქტს არ უარყოფს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რუსუდან გიორგაძე. რაც შეეხება იმპიჩმენტს, ამბობს, რომ მერის გადაყენებას ის მხარს არ დაუჭერს.

"ამის შემდეგ რა გეგმები აქვს საკრებულოს უმრავლესობას არ ვიცი, მაგრამ მე არ დავუჭერ მხარს მის გადაყენებას, რადგან მიმაჩნია, რომ მერს უნდა მიეცეს საშუალება განმარტოს მიზეზები რატომ მოხდა ასე. ის, რომ ხარაგაულში რაღაც ვერ გაკეთდა, ერთი კაცის ბრალი ვერ იქნება", – ამბობს რუსუდან გიორგაძე.

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ქალაქის მერს კონკრეტული პროექტებიც შეახსენეს, რომლებიც არ განხორციელდა. მათი თქმით, არ აშენდა საბავშვო ბაღები სოფლებში ვერტყვიჭალა და საღანძილე, არც ერთი პროექტი არ დაგეგმილა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, მერიამ ვერ მოახერხა 2017 წლის ბოლოს სტიქიის სალიკვიდაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ათვისება. ჯამში, მათი თქმით, აღმასრულებელმა 2018 წელს დაგეგმილი 31 ინფრასტრუქტურული პროექტიდან 21 ვერ შეასრულა.

სხდომაზე ნიკოლოზ თოფურიძემ სამუშაოების შეუსრულებლობის მიზეზად ტენდერების ჩაშლა, ზოგ შემთხვევაში კი კომპანიების არაკეთილსინდისიერი მუშაობა დაასახელა.

რაც შეეხება შესაძლო იმპიჩმენტს, ამასთან დაკავშირებით მისი პოზიცია უცნობია. ნიკოლოზ თოფურიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ზარებს არ პასუხობს არც საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე.

Print