ახალი ამბები
„იანვრის ბოლოს შედგება გასათავისუფლებელთა სია“ – ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია გრძელდება
FaceBook
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი გრძელდება.
მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის, ირაკლი გიორგაძის თქმით, სამსახურების უფროსებმა უკვე წარმოადგინეს თანამშრომელთა შეფასება, რის მიხედვითაც გადაწყდება ვინ დატოვებს თვითმმართველობას.

რეორგანიზაციის დაწყების შემდეგ მერიაში აცხადებდნენ, რომ პროცესი გულისხმობს შტატების როგორც შემცირებას, ასევე, გაზრდას, თუმცა, ამჯერად ირაკლი გიორგაძემ მხოლოდ გასათავისუფლებელ პირთა სიაზე ისაუბრა.

"ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში უკვე წარმოდგენილია თანამშრომელთა შეფასებები. ახლა უნდა მომზადდეს პროექტები და თუ შტატის შეცირება იქნება საჭირო, იანვრის ბოლოსთვის შედგება გასათავისუფლებელ პირთა სია, რომელიც შემდეგ გადაეგზავნება საჯარო სამსახურის ბიუროს. რეორგანიზაციის პროცესი დაახლოებით თებერვლის ბოლოს დასრულდება", – განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.

საბოლოო გადაწყვეტილებას თუ ვინ დატოვებს სამსახურს, ქალაქის მერი იღებს. ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია 4 დეკემბერს გამოცხადდა.

ოპოზიციამ მორიგ ცვლილებებს სადამსჯელო ოპერაცია უწოდა და განაცხადა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება იმ ადამიანების დასჯას ცდილობს, ვინც პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არ მიიღო.

რეორგანიზაციის გამოცხადებას კი წინ უძღოდა საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის, ალეკო ახალაძის განცხადება იმის შესახებ, რომ საჭირო იყო მერიაში საკადრო ცვლილებების პოლიტიკური ნიშნით განხორციელება.

Print