ახალი ამბები
„ასსაფეხურიანი კიბეების რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტში თანხა არ გვაქვს“ – ქუთაისის მერია
FaceBook
ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, დავით ნიშნიანიძის თქმით, ასსაფეხურიანი კიბეების რეაბილიტაციისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის.
დავით ნიშნიანიძის თქმით, ბიუჯეტში თანხა მხოლოდ გაპონოვის ქუჩის ფასადების რეაბილიტაციისთვის ჩაიდო.

რაც შეეხება ბალახვნის კიბეებს, როგორც ირკვევა, მერიას კიბეების მიმდებარე ტერიტორიის ქალაქის საკუთრებაში გადაცემის საკითხი ჯერაც არ მოუგვარებია, რის გარეშეც მისი რეაბილიტაცია ვერ დაიწყება.

"ტურისტულ ინფარსტრუქტურასთან დაკავშირებით ჩვენ თანხა გვაქვს მხოლოდ გაპონოვის ქუჩის ფასადების რეაბილიტაციისთვის. ასსაფეხურიან კიბეებზე არ გვაქვს გათვალისწინებული. აღნიშნულ პროექტს აფერხებს ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმება. როგორც იცით მიწის გარკვეული ტერიტორია გადმოსაცემია ქუთაისის მერიის საკუთრებაში. თუ წლის განმავლობაში გაჩნდება რეალური შანსი იმისა, რომ დავიწყოთ კიბეების რეაბილიტაცია, იმასაც მოვახერხებთ, რომ აღნიშნულთან დაკაშირებით მოვახდინთ თანხის მობილიზაცია",–ამბობს დავით ნიშნიანიძე.

ქუთაისის მერიამ ბალახვნის კიბეების რეაბილიტაცია წლის დასაწყისში დაანონსა. მერიის ინფორმაციით, უნდა მომხდარიყო კიბეების აღდგენა, მიმდებარე ტერიტორიაზე კი 80 ადამიანზე გათვლილი ამფითეატრის და შადრევანის გაკეთება იგეგმებოდა.
ასევე, დაგეგმილი იყო თეთრი კოლონადების მოწყობა.

მერიამ მაშინ პროექტის ესკიზიც გაასაჯაროა და აცხადებდა, რომ ტენდერი მალე გამოცხადდებოდა, სამუშაოები კი ტენდერის ჩატარებიდან წელიწადნახევარში უნდა დასრულებულიყო.

ერთი წლის შემდეგ კი ირკვევა, რომ ტერიტორია, რომლის რეაბილიტაციასაც მერია გეგმავდა, ჯერ ისევ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ქალაქის ბიუჯეტში კი პროექტისთვის თანხაც არ არის გათვალისწინებული.




Print