ახალი ამბები
ქუთაისში სოციალური კარადა და ტანსაცმლის ყუთები მოიპარეს
FaceBook
ქუთაისში, საფიჩხიაზე,  სოციალური აქციის ფარგლებში დადგმული კარადა,  წერეთლის #81–ში კი, შეჭირვებულებისთვის გასანაწილებლად გამზადებული ტანსაცმლის  ათამდე ყუთი მოიპარეს.  სოციალური კარადის ამსახველ ფოტოს ინტერნეტმომხმარებელი მაგდა ფორჩხიძე ავრცელებს.

კობა რიგვავა, რომელმაც საფიჩხიაზე სოციალური კარადა დადგა, ამბობს, რომ ზუსტად არ იცის მოიპარეს თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ კარადა აღარ დგას.

"არ მინდა დავიჯერო რომ მოიპარეს. ეტყობა, იფიქრეს ესეც წასაღებიაო. შეარგოს უფალმა, სხვას დავდგამთ კიდევ",–ამბობს კობა რიგვავა.

ამავე აქციის ფარგლებში, შეჭირვებულებისთვის გამზადებული  ტანსაცმლის ყუთები მოიპარეს წერეთლის ქუჩიდან.  დღეს დილით  ადგილზე მისულ ორგანიზატორებს ყუთები აღარ დახვდათ.

"წიგნების თაობის" დამფუძნებელი, სოფო საკანდელიძე, რომელიც ქუთაისში ამ სოციალური აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორია, ამბობს, რომ ყუთები, სავარაუდოდ, ავტომანქანით წაიღეს.

"იმდენი ტანსაცმელი იყო, ერთი ადამიანი ვერ წაიღებდა და მითუმეტს, ხელით ვერ შეძლებდნენ ამას. სავარაუდოდ, ავტომანქანით იყვნენ. შენობის სადარბაზოში გვქონდა შენახული, კარგად დაცული სადარბაზოა და როგორ მოახერხეს წაღება არ ვიცი. დილით მოვედით, უნდა გაგვენაწილებინა და არც ერთი აღარ დაგვხვდა", – ამბობს სოფო საკანდელიძე.

კამპანია, სახელწოდებით "გააზიარე სითბო" თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაიწყო. რამდენიმე მეგობარმა ქუჩაში ხის კარადა დადგა, რომელშიც თბილი ტანსაცმელი და საკვები დატოვეს. მათ სხვებსაც მოუწოდეს, შესაძლებლობის ფარგლებში, აქციაში ჩართულიყვნენ.


Print