ახალი ამბები
ენმ - "ქუთაისის მერია იტყუება, მიმდინარეობდა ფარული გარიგება"
FaceBook
ქუთაისის მერიასა და თეთრი ხიდის რეკონსტრუქციაზე პასუხისმგებელ კომპნიას " ალმა რუს" შორის ფარული გარიგებები მიმდინარეობდა.  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა შუშანიამ პრესკლუბ "მედიარუმში" განაცხადა.
"ქუთაისის მერიასა და კომპანაიას შორის სხვადასხვა ეტაპზე მიმდინარეობდა ფარული გარიგებები. ხელშეკრულების გაწყვეტა კომპანიასთან, ეს იყო საზოგადოების ზეწოლა, რომ ჩვენს მიერ, ჟურანლისტების და სხვადსხვა ჯგუფების მიერ არ ატეხილიყო დიდი ამბავი. თუკი თავდაპირველად არასწორად აკეთებდნენ ამ ხიდს, მაშინ რატომ ურიცხავნენ კომპანიას თანხას", – განაცხადა "მედიარუმში" გიგა შუშანიამ.

შუშანია ასევე ამბობს, რომ მერია იტყუება კომპანიისთვის გადარიცხული თანხის ნაწლშიც.  მისი თქმით, "ალმა რუსს"  გადაერიცხა არა 290 000 ლარი, არამედ 315 000. შუშანია ამბობს, რომ კომპანიისთვის  გადახდილი თანხა დაკარგულია. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ თეთრი ხიდის რეაბილიტაციის საკითხით შესაბამისი უწყებები უნდა დაინეტერესდნენ.

ადგილობრივ თვითმმართველობაში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომდგენლის ბრალდებაზე განმარტებას ხვალ, 7 დეკემბერს გააკეთებენ.

ქუთაისში, თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანია "ალმა რუსს" მერიამ ხელშეკრულება უხარისხოდ შესრულებეული სამუშაოების გამო შეუწყვიტა.
ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის, ბექა ყურაშვილის თქმით, განხორციელებულ სამუშაოებზე მონიტორინგის ჯგუფს პრეტენზიები აქვს.

"კომპანიისთვის, თეთრი ხიდის სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი 445 000 ლარიდან, სულ გადარიცხული გვქონდა 290 000 ლარი. უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ჩვენ ხუთდღიანი გონივრული ვადა მივეცით მათ სახელმწიფო ხაზინაში 185 000 ლარის დასაბრუნებლად. აქედან 174 000 ლარი არის პირგასამტეხლო, ხოლო 11 000 ლარამდე კომპანიისთვის დაკისრებულ ჯარიმებს უწევს. დანარჩენი რაც პრეტენზიები, აქვთ შეუძლიათ სასამართლოში იჩივლონ", - ამბობს ბექა ყურაშვილი.

მისივე თქმით შესრულებული სამუშაოების ხარისხის გადასამოწმებლად სამხარაულის ექსპერტიზასაც მიმართავენ.

მერიის მიერ "ალმა რუსისთვის" ხელშეკრულების შეწყვეტას არ ეთანხმებიან კომპანიაში. "ალმა რუსში" განმარტავენ, რომ ხელშეკრულების შესაძლო გაწყვეტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

"ჯერ ხომ უნდა გავეფრთხილებინეთ. ადგე და ხელშეკრულება გაწყვიტო, მე მგონი ასე არ ხდება", – აღნიშნავენ კომპანიაში.

"ალმა რუსში" აცხადებენ, რომ ისინი მერიის წინააღმდეგ სასამართლოში დავას აპირებენ.

თეთრი ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 1 ივნისიდან დაიწყო. სამუშაოები 22 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კომპანიამ სამუშაოების გადავადება რამდენჯერმე მოითხოვა.

ხიდი, რომლის რეაბილიტაციის დასრულებასაც ადგილობრივები ხუთი თვე ელოდნენ, სამ ნოემბერს, საზეიმოდ გაიხსნა.

ხიდზე ფილების ნაწილი დამაგრებული არ არის. რამდენიმე ფილა ფეხის დაბიჯების დროს მოძრაობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხიდზე გადაადგილების დროს თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.

ქუთაისის მერიამ ხიდის რეაბილიტაციისთვის 445 000 ლარი გამოყო. სამუშაოები "ალმა რუსმა"შეასრულა, როგორც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ.
Print