ახალი ამბები
პარლამენტმა ახალი რეგლამენტი დაამტკიცა
FaceBook
პარლამენტმა მესამე მოსმენით ახალი რეგლამენტი დაამტკიცა.
საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტში ცვლილების შეტანას უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატებმა კი იმის გამო, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელად თბილისი განისაზღვრა, რეგლამენტს მხარი არ დაუჭირეს.

გარდა პარლამენტის გადატანისა, რეგლამენტში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა მე-40 მუხლში, რომლის მიხედვითაც კომიტეტს მთავრობის წევრის დაბარების უფლება ექნება.

ცვლილება შეეხო იმ მუხლს, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილებას განსაზღვრავს. კერძოდ, კომისიას სისხლის სამართლის საქმის მასალების გასაცნობად გენერალური პროკურორის ნებართვა აღარ დასჭირდება, ასევე, კომისიის წევრებს საქმის მასალების ასლები გადაეცემათ და მათ დოკუმენტების ადგილზე გაცნობა აღარ მოუწევთ.

მე-19 მუხლში შესული ცვლილების მიხედვით, კი პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობასთან ერათდ, ყოველწლიურად უნდა წარმოადგინოს სამოქმედო გეგმაც.

პარლამენტის ვიცე–სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ახალი რეგლამენტი უფრო ეფექტურს გახდის პარლამენტის მუშაობას და გაზრდის მოქალაქეების ნდობას საკანონმდელო ორგანოს მიმართ.

"ვფიქრობ, ეს რეგლამენტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ განვახორციელოთ ზუსტად ის, რისი მოლოდინიც მოსახლეობას აქვს ჩვენგან და შესაბამისად, მგონია, რომ პარლამენტი შეგვიძლია ერთად გავხადოთ ბევრად უფრო ქმედითი, ვიდრე ის აქამდე ყოფილა" - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.



Print