ახალი ამბები
"ალმა რუსი": მერიაში იცოდნენ, რომ ქვები უნდა მიგვეტანა
FaceBook
ქუთაისის მერიაში ინფორმირებულები იყვნენ, რომ 5 დეკემბერს თეთრ ხიდზე ქვებს მიიტანდნენ. ამის შესახებ ქუთაისიპოსტს კომპანია "ალმა რუსის" წარმომადგენელმა ზურაბ ყურუამ განუცხადა.

"გვქონდა კომუნიკაცია, რომ ქვები უნდა მიგვეტანა გუშინ (5 დეკემბერს), მაგრამ ოთხი საათი დაგვაგვიანდა. იმის თქმა, რომ ეს არ იცოდნენ არასწორია. მაგრამ, თუნდაც არ სცოდნოდათ, რამდენი სარეკონსტრუქციო მასალა მიგვიტანია, მაგალითად, საღებავი, მერიისგან უნდა აგვეღო ნებართვა? ასე იყო ქვაზეც. ხიდზე ქვების მიტანა პროექტით გვქონდა გათვალისწინებული და დავალებულიც. ახლა ვინც ამბობს, რომ ქვა ლამაზი არ არისო, ვინ მყავს მერიაში სპეციალისტი რომ ეს შეაფასოს? ქვების მიტანის შემდეგ უნდა მომხდარიყო მისი მონტაჟი, მაგრამ არ დაგვაცადეს", – აცხადებს ზურაბ ყურუა.

მისი თქმით, თავდაპირველ პროექტში შევიდა ცვლილება. ამის მიზეზი კი, როგორც კომპანიაში განმარტავენ, ხიდის მდგარდობის გათვალისწინება იყო, რადგან ხიდის დემონტაჟის დროს ამის საჭიროება გამოჩნდა.

რაც შეეხება, თეთრ ქვებს, ზურაბ ყურუა განმარტავს, რომ პროექტის ცვლილება ქვების ფორმაზეც აისახა.

"შესაბამისად, შეიცვალა ქვების ფორმებიც. შემდეგ გვითხრეს, რომ ქვების მაგივრად უფრო მისაღები იქნებოდა, ძველებური რომაული კაპიტელის ნატესხისგან ყოფილიყო ჩამოსათლელი გაკეთებული. ამ საქმეს მოქანდაკე სჭირდება, რომელმაც იმუშავა, გაამზადა ყალიბი. შემდეგ თქვეს, ეს არ გვინდაო და მუშაობა ჩამეყარა წყალში, ხარჯი მოქანდაკეზეც. ამის შემდეგ გვითხრეს, რომ  ისევ უნდა გაკეთდეს ქვებიო", – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

ზურაბ ყურუას თქმით, მერიამ კომპანიას ხელშეკრულება უკვე შეუწყვიტა, რასაც ისინი არ ეთანხმებიან.  "ალმა რუსში" განმარტავენ, რომ მათ მერიის მხრიდან შესაძლო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

"ჯერ ხომ უნდა გავეფრთხილებინეთ. ადგე და ხელშეკრულება გაწყვიტო, მე მგონი ასე არ ხდება", – აღნიშნავენ კომპანიაში.

"ალმა რუსში" აცხადებენ, რომ ისინი მერიის წინააღმდეგ სასამართლოში დავას აპირებენ.

თეთრი ქვები თეთრ ხიდზე 5 დეკემბრის საღამოს, სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ "ალმა რუსმა" მიიტანა. მერიაში განმარტეს რომ ამის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ. რის გამოც, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ქვები აიღო.

თეთრი ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 1 ივნისიდან დაიწყო. სამუშაოები 22 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კომპანიამ სამუშაოების გადავადება რამდენჯერმე მოითხოვა.

ხიდი, რომლის რეაბილიტაციის დასრულებასაც ადგილობრივები ხუთი თვე ელოდნენ, სამ ნოემბერს, საზეიმოდ გაიხსნა.

ხიდზე ფილების ნაწილი დამაგრებული არ არის. რამდენიმე ფილა ფეხის დაბიჯების დროს მოძრაობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხიდზე გადაადგილების დროს თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.

ქუთაისის მერიამ ხიდის რეაბილიტაციისთვის 445 000 ლარი დახარჯა.                                    

ფოტო:თორნიკე ბარათაშვილი


ამავე თემაზე:

როგორი უნდა ყოფილიყო და როგორია თეთრი ხიდი

განახლებული თეთრი ხიდი ღამით (ფოტო)

თეთრ ხიდზე თეთრი ქვები მიიტანეს

თეთრი ხიდიდან ქვები აიღეს

სად წაიღეს თეთრ ხიდზე მიტანილი 13 ქვა
Print