ახალი ამბები
"ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა გაახალგაზრდავდა"
FaceBook
ბოლო ხუთ წელიწადში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა გაახალგაზრდავდა.

ამის შესახებ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, გოჩა ბაკურაძე საუბრობს. მისი თქმით, მიზეზი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის უარყოფითი ზეგავლენაა.

"სუიციდის პრევენციის პროგრამა უნდა არსებობდეს, რაც დღეს, სამწუხაროდ, არ გვაქვს. განსაკუთრებით მოზარდებში უნდა მოხდეს სკრინინგი, რათა რისკის მატარებელი ბავშვები გამოვლინდნენ", - ამბობს გოჩა ბაკურაძე.

იმერეთში, ხონში არსებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში 550 პაციენტია სტაციონარში განთავსებული. ცენტრს სულ 650-700-მდე პაციენტის მომსახურების საშუალება აქვს.

დღე-ღამეში თითო პაციენტზე 23 ლარია გამოყოფილი, მათი ნაწილი კი, კატეგორიების მიხედვით, 17 ლარით ფინანსდება. ამ თანხაში შედის მომსახურე პერსონალის ხელფასის, კომუნალური გადასახადების ხარჯები და სხვა.

"2012 წლიდან მაქვს ფსიქიკური აშლილობა, გლდანის ციხეში გამუდმებული ცემის შედეგად განმივითარდა ის," - გვიყვება ერთ-ერთი პაციენტი, რომელმაც ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საკუთარი ლექსი წაიკითხა.

"რამდენიმე პოეზიის საღამოზე გავიმარჯვე კიდევაც. ზოგადად, როგორც იძახიან მწერლები უნდა ვიყოთ არანორმალურები", - ამბობს ის.

ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პაციენტებმა მოწყობილ კონცერტზე დარბაზში დამსწრე საზოგადოებას სხვადასხვა სიმღერებიც უმღერეს და ქართული ტრადიციული ცეკვები შეასრულეს.

"ჯანმრთლებისთვის და ხასიათის ამაღლებისთვის არის კარგი ასეთი ღონისძიებები პირველ რიგში. მიყვარს კონცერტზე გამოსვლები, სიმღერა და ცეკვა. გამყავს დრო ასე", - ამბობს ცენტრის ერთ-ერთი პაციენტი.

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთშორისო დღე აღინიშნება. მიზანი ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
Print