ახალი ამბები
მოსკოვის თეატრი ქუთაისში - არასამთავრობო ორგანიზაციის პროტესტი და ხელისუფლების პასუხები
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩემი სახლია" ოზურგეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში რუსული თეატრალური დასების მონაწილეობას და მათთვის მესხიშვილის თეატრის სცენის დათმობას აპროტესტებს.

„ეს აქტი არის რუსული პროპაგანდის ხელშეწყობა, რომელშიც ჩართულია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ქუთაისის მერია," - აღნიშნავენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ოზურგეთის თეატრალურ ფესტივალში მონაწილე მოსკოვის თეატრს "ნიკიტინის კარიბჭე"-ს 8 ივლისს ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სცენა დაეთმო, რაც გახდა არასამთავრობო ორგანიზაციის პროტესტის მიზეზი.

"ორი რუსული თეატრალური კოლექტივი მონაწილეობს ოზურგეთის თეატრალურ ფესტივალში, მაიშინ როდესაც ყოველდღიურად ვართ საომარ რეჟიმში რუსეთთან. ამ ვითარებაში საქართველოში ამ ღონისძიების ჩატარება, არის ღია თანაშრობლობა მტერთან. თუ ჩვენ გვინდა პროგრესი და ცივილიზებულ ქვეყნებთან ურთიერთობა, დამოუკიდებელი ქვეყანა ასეთ პოლიტიკას არ აწარმოებს. საწუხაროდ, ეს ვერ გააცნობიერა ხელისუფლებამ. იმერთის გუბერნია და ქუთაისის მერია არიან სირაქლემას პოზაში და ხელს უწყობენ რუსული პროპაგანდის გაძლიერებას საქართველოში", - აღნიშნავს „ევროპა ჩემი სახლიას“ ხელმძღვანელი გია გოქაძე.

გოქაძეს მესხიშვილის თეატრში პასუხობენ, რომ ქუთაისს ნაკლები ურთიერთობა აქვს ამ ფესტივალთან. ეს არის ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის ფესტივალი და ქუთაისის მესხიშვილის თეატრმა მხოლოდ სცენა დაუთმო ორ სპექტაკლს, თუმცა თეატრში იმასაც მიუთითებენ, რომ კულტურული თემების გაპოლიტიზირება სწორი არ არის.

"კულტურა, თეატრი და ზოგადად ხელოვნება აგვარებს დიდ პრობლემებს, რაც სახელმწიფოებს შორის არსებობს. ქუთაისს ნაკლები ურთიერთობა აქვს ამ ფესტივალთან, რომელშიც რუსებთან ერთად ბულგარელებიც და პოლონელებიც მონაწილეობენ. რუსეთში ადამიანები არ არიან? უმაღლეს დონეზე აქვთ თეატრი. როგორ შეიძლება ამის გაპროტესტება? "- ამბობს მესხიშვილის თეატრის დირექტორი, სულხან გოგოლაშვილი.

მოსკოვის თეატრის გასტროლთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს ქუთაისის მერია და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია.

მათი განცხადებით, ქუთაისის მერიას არანაირი კავშირი არა აქვს 8 ივლისს მესხიშვილის თეატრში გამართულ სპექტაკლთან.

„აღნიშნული სპექტაკლი, როგორც ჩემთვის ცნობილია, ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. მეტ ინფორმაციას ჩვენ არ ვფლობთ აღნიშნული გასტროლის შესახებ"- განაცხადა ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსმა თამთა თურმანიძემ.

გასტროლთან ყველანაირი კავშირი, ასევე, უარყვეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაშიც.

აღნიშნულ ფაქტს ეხმიანებიან ხელოვანებიც. მათი ნაწილი თვლის, რომ ხელოვნება არაა პროპაგანდისტური მოვლენა. 

„ერთადერთი ენა რომელმაც შეიძლება რუსეთთან ურთიერთობის მხრივ მნიშვნელოვანი წარმატება მიგვიტანოს კულტურის ენაა.
იმიტომ რომ ხელოვნება არასოდეს არა პროპაგანდისტური, ხელოვნება სიღმისეულ აზროვნებას გულისხმობს.

რუსეთთნ ურთიერთობაც ღრმა პრობლემაა და ამ სიღრმეებში ჩასვლა ხელოვნებას ჭირდება. რაც უფრო მეტი იქნება სახელოვნებო ენა და კონტაქტები, მით უფრო დადებით მნიშვნელობას მოიტანს.

რუსეთის სახელმწიფო სანამ მის პოლიტიკურ მიზნებს არ შეცვლის საქართველოსთან, იგი ჩვენი მტრებად რჩება. მაგრამ ურთიერთობის დალაგება შეიძლება, ათასნაირი გზით. მათ შორის "ტკბილი ენით", ტკბილი ენა ესტეთიკურ ენას გულსიხმობს და არა ლამაზ სიტყვებს. ამ ენით ურთიერთობას მხოლოდ ხელოვნება თუ შეძლებს. ამ მთავრობას არაფერი ესმის ამ ენის. ხელოვნება რა არის და რა ძალა აქვს არ იციან“, - ამბობს მწერალი ტარიელ დათიაშვილი.

რუსი ხელოვანების საქართველოში ვიზიტების წინააღმდეგი არ არის მსახიობი დავით გაჩეჩილაძე, თუმცა გარკვეული პირობით.

"ომისშემდგომ გერმანიაში, იყო ასეთი პრაქტიკა: გერმანელებს, ანუ ,,მშვიდობიან მოსახლეობას" , იძულებით აყურებინებდნენ კინოქრონიკებს, სადაც დოკუმენტალურად იყო აღბეჭდილი ნაცისტთა მიერ, კაცობრიობის წინაამდეგ ჩადენილი დანაშაულები..... იმდენად რამდენადაც, ჩვენ არა გვაქვს იძულების ფუფუნება, მე პირადად მომხრე ვარ, ჩამოვიყვანოთ ,,მშვიდობიანი ინტელიგენცია", მივცეთ სივრცე საკუთარი შემოქმედების საჩვენებლად. მერე წავიყვანოთ კონფლიქტის ზონაში, ვაჩვენოთ იქაური ხალხის ცხოვრება, მივიყვანოთ ოკუპაციის მუზეუმში, გავცნოთ ოთხოზორია-ტატუნაშვილის და ასე შემდეგ ისტორიები.... დავაკვირდეთ რეაქციებს და ამ რეაქციების მიხედვით დავპატიჟოთ სამომავლოდ.... არაფერი ამაში ცუდი არ უნდა იყოს, ჩემი აზრით," - ამბობს დავით გაჩეჩილაძე. 

მოსკოვის თეატრმა "ნიკიტინსკის კარიბჭე" , 8 ივლისს, ქუთაისში ნოდარ დუმბაძის რომანის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარმოადგინა.

სპექტაკლი დუმბაძის სახელობის, ოზურგეთის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართა.

ორ მოქმედებიანი კომედიის რეჟისორია არკადი კაცი. კომპოზიტორი ალექსანდრე ბასილაია.

ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 5 ივლისს გაიხსნა. ფესტივალი ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 90 წლისთავს და ოზურგეთის თეატრის დაარსებიდან 150 წლის იუბილეს ეძღვნება.

ფესტივალში 13 პროფესიული თეატრი მონაწილეობს. მათ შორის, ერთი აზერბაიჯანიდან და ორი რუსეთიდან.

ფესტივალი 14 ივლისს დაიხურება.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
15:02 / 17.04.2024
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.