ახალი ამბები
„კატო მიქელაძის სკოლა“ ქუთაისში
FaceBook
„კატო მიქელაძის სკოლა“  - ასე ქვია სემინარების, ყოველკვირეული ლექციების, ვორკშოფების, კულტურული ღონისძიებების ციკლს, რომელიც სამი თვის განმავლობაში ქუთაისში გაიმართება. 

"ქალთა ემანსიპაციის პერსპექტივები“,  "ბევრი და სხვადასხვანაირი ფემინიზმი“,  „ქალთა მიმართ ძალადობა და ძალადობის დაფარული ფორმები“,  „სექსუალური შევიწროება“, - ამ და სხვა საკითხებს მიმოიხილავენ სემინარზე მოწვეული სპეციალისტები.  

"ქალთა არათანაბარი მონაწილეობა ცხოვრების ყველა სფეროში წარმოქმნის სხვადასხვა რიგის სიმწვავეებს, რომელიც, , ერთის მხრივ,  გამოწვეულია ცოდნის ნაკლებობით და არასწორი ინფორმაციის ქონით თანასწორობის ფილოსოფიის მიმართ, ხოლო მეორეს მხრივ იმის შიშით, რომ თანასწორობის იდეა შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს ქართულ კულტურულ და რელიგიურ შეხედულებებს", - აღნიშნავს პროექტის ავტორი ლელა სებუა.

პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ უმწვავესს პრობლემებს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გოგოებისა და ქალების საკუთარი უფლებების ცოდნაზე ხელმიუწვდომლობის, პროფესიული თვითრეალიზაციის შეუძლებლობა. თუკი დედაქალაქში არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც ქალთა უფლებებზე მუშაობენ და ცდილობენ ქალთა უფლებების აქტუალიზებას საზოგადოებრივი ცხოვრების დღის წესრიგში, რეგიონული ცხოვრება ფაქტიურად მოკლებულია თანმიმდევრულ მუშაობას ამ მიმართულებით.

"ჩვენი მიზანია ოფიციალური განათლების სისტემის ფარგლებში შევქმნათ ხელმიუწვდომელი ცოდნების გენერირებისა და გადაცემის ადგილი - ქალთა სკოლა, რომელიც მოახდენს ქალთა საკითხებთან დაკავშირებული ძირითადი თემების აკუმულირებას და მაღალკვალიფიციური აქტორების მეშვეობით მათთვის კონკრეტული ცოდნის სახის მიცემას", - ამბობს ლელა სებუა.

სემინარი სამ თვეს გაგრძელდება 16 ივნისიდან 8 სექტემბრის ჩათვლით.

პროექტის ფარგლებში ასევე წარმოადგენენ  ფელინის, ლოუჩის, დარდენების, რუსუდან ჭყონიას, ნინო ბასილიას  და სხვა რეჟისორების ფილმებს. ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსიები სადაც ე.წ. ქალთა საკითხებს მხატვრულ პრიზმაში მიმოიხილავენ. 

პროექტი ხორციელდება "განვითარებისა და მიგრაციის ინსტიტუტის" მიერ "ქალთა ფონდი საქართველოში" დაფინანსებით.

სწავლებას დაეთმობა კვირაში 2 დღე (შაბათი-კვირა). ერთი დღე ეთმობა ლექცია-სემინარს და მეორე დღე ფილმების ჩვენება-დისკუსიას. შეხვედრები ჩატარდება მერიის შენობაში, გენდერის დარბაზში.

Print