ახალი ამბები
"წიგნების თაროს" რეკორდსმენი მოსწავლე ქუთაისიდან
FaceBook
ის წიგნებს ექვსი წლის ასაკიდან კითხულობს. მას შემდეგ კითხვა 18 წლის გუკა კოკიას ჰობი გახდა.
სწორედ წიგნების კითხვამ მიიყვანა წარმატებამდე და 20 სწორი პასუხით გადაცემა "წიგნების თაროს" მე-4 სეზონის ბლიცის რეკორდსმენი გახდა.

გუკა მარტვილიდან არის. ის ახლა ქუთაისის შპს N1 სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა, მანამდე ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში სწავლობდა. ამბობს, რომ გადაცემაში მონაწილეობა თავიდანვე უნდოდა. გუკა გვიყვება, რომ მიღებულ შედეგს ელოდა.

მისი საყვარელი ლიტერატურული ჟანრი კომედიაა. უყვარს მათემატიკა, სამეცნიერო ლიტერატურასაც ეცნობა. 

"პირველ რიგში, ალბათ, ვკითხულობ იმ სიამოვნების გამო, რომელსაც წიგნების კითხვა მანიჭებს. თუმცა, წიგნი მხოლოდ სიამოვნების მიღების წყარო არ არის. მას, ასევე, სხვა ბენეფიტებიც ახლავს თან. მაგალითად, ძალიან დიდი ხელშემწყობია ადამიანის მორალური და ინტელექტუალური განვითარებისთვის", - ამბობს გუკა.

ის,  ასევე, მოჭადრაკეცაა. თავისუფალ დროს ჭადრაკის თამაშით ერთობა. თუ რაზე ოცნებობს არ გვიმხელს. თუმცა, ამბობს რომ უნდა მომავალში კარგი პროგრამისტი გამოვიდეს.


Print