ახალი ამბები
ქუთაისში რიონისპირა სახლებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება
FaceBook
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეკონსტრუქცია იგეგმება. როგორი იქნება ქუთაისის ისტორიული სახლები აღდგენის შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია. პროექტი საჯარო მას შემდეგ გახდება, რაც მას მუნიციპალური განვითარების ფონდს წარუდგენენ.

რიონისპირა სახლების მშენებლობა-რეკონსტრუქციის შესახებ მსჯელობა ქუთაისის მერიაში არქიტექტორებთან ერთად შედგა. ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას თქმით, მოლაპარაკება მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებთან.

,,ეს ქუთაისისთვის იქნება საუკუნის პროექტი. აღნიშნულ შენობებს რესტავრაცია არასდროს ჩატარებია. ჩვენ ამით გადავარჩენთ და აღვადგენთ ქალაქის ისტორიულ იერსახეს და ამასთანავე აღნიშნული ადგილი კიდევ უფრო საინტერესო გახდება უცხოელი ვიზიტორებისთვის", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ქუთაისში მე-19 საუკუნის სახლების რეაბილიტაციის პროექტი ჯერ კიდევ გასულ წელს შემუშავდა. არქიტექტორ, გივი გოგრიჭიანის პროექტის მიხედვით, სახლების აღდგენას 6 მილიონ დოლარამდე თანხა სჭირდება. პროექტის წარდგენა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოშიც იგეგმებოდა. თუმცა, მაშინ ქუთაისის მერიაში აცხადებდნენ, რომ მათთვის პროექტით არავის მიუმართავს და ასეც რომ ყოფილიყო, სახლები კერძო საკუთრებას წარმოადგენს და მათი აღდგენა ქალაქის ხელისუფლების გეგმებში არ შედიოდა.

როგორ გამოიყურება დღეს ქუთაისის ისტორიულ ნაწილში, რიონის სანაპიროზე გაშენებული ათეულობით სახლი, ნახეთ ვიდეო.





ამავე თემაზე:


ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტი მზადდება

რიონისპირა სახლები განახლების მოლოდინში (ვიდეო)
Print