ახალი ამბები
„შეფასებას „უნიჭო“ ვერ მივიღებ“ - თეთრი ხიდის პროექტის ავტორი კრიტიკაზე
FaceBook
"უნიჭო პროექტია". "ვის რაში სჭირდება იმიტირებული თეთრი ქვები, როცა მოაჯირთან მისვლაც კი არ არის საჭირო მდინარე რიონში, ბუნებრივად არსებული, ულამაზესი თეთრი ქვების დასანახად".

"ხიდზე ქვებს რა უნდა, ირგვლივ კაფე-რესტორნებითაა ყველაფერი გადაჭედილი. იქედან გამოსულმა ნასვამმა ხალხმა მოიტეხოს იქნებ მაგ ქვების გამო კისერი", - ასე გამოეხმაურნენ  სოციალური  ქსელის მომხმარებლები თეთრი ხიდის რეაბილიტაციის პროექტს.

საზოგადოების ნაწილმა განახლებული  ხიდის ესკიზი მოიწონა, ნაწილმა კი დაიწუნა. სოციალური ქსელის მომხმარებლებს განსაკუთრებით არ მოეწონათ ხიდზე იმიტირებული თეთრი ქვების განთავსების იდეა.





საზოგადოების კრიტიკა გაუგებარია პროექტის ავტორისთვის.  არქიტექტორის, გია ხუჯაძის  თქმით, დეტალებზე მსჯელობა შეიძლება, თუმცა, საზოგადოების ნაწილის მწვავე კრიტიკას ვერ მიიღებს.

"შეფასებას "უნიჭო" ვერ მივიღებ. ვერ დავიბრალებ იმას, რომ მხოლოდ ჩემი პროექტია, ამაზე არქიტეტქურის სამსახურთან ერთად ვმუშაობდი. ყოველთვის შეიძლება გადაიხედოს, ვიმსჯელოთ ამაზე. ეს არც არის დეტალური პროექტი, უფრო ესკიზია. დაჩქარებულად შემუშავდა იმიტომ, რომ ტენდერზე გატანის დროს ვიზუალი გამოსახულება ჰქონოდა მერიას",  - ამბობს გია ხუჯაძე.

ქუთაისის მერიამ, არსებული ესკიზის მიხედვით, თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა, თუმცა, ქალაქის ხელისუფლებას იგივე არ გაუკეთებია პროექტის შემუშავების დროს და ესკიზის შედგენა პირდაპირ გია ხუჯაძეს შესთავაზა.

გია ხუჯაძე ამბობს, რომ მან ესკიზი უსასყიდლოდ შექმნა.

"ჩვენ უსასყიდლოდ დავუმზადეთ პროექტი. ამით მერიამ დროც მოიგო და თანხაც დაზოგა",-განაცხადა გია ხუჯაძემ.

ქუთაისის მერიის არიქტექტურის სამსახურში ამბობენ, რომ პროექტზე კონკურსი იმის გამო არ გამოცხადდა, რომ ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ესკიზის შეთანხმება სააგენტოსთან მოხდა.

"ეს რომ არ იყოს ძეგლის სტატუსის მქონე, მაშინ გავიტანდით კონკურსზე, მაგრამ ამ შემთხვევაში სააგენტოს წარვუდგინეთ კონცეფცია და ამის მიხედვით შევთანხმდით პროექტზე, რომელიც არქიტექტორმა უსასყიდლოდ დაამზადა და აჩუქა ქალაქს. რაც შეეხება, თეთრ ქვებს, ეს იქნება მსუბუქი მასალისგან დამზადებული, დეკორატიული ქვები, რომელსაც ჩამოსაჯდომის ფუნქციაც ექნება", - განგვიმარტა მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაზა ჩხიკვაძემ.

თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის ქუთაისის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 445 000 ლარს დახარჯავს. 


ამავე თემაზე:

როგორი იქნება რეაბილიტირებული თეთრი ხიდი (ფოტო)

Print