ახალი ამბები
"არ ვიცით რეალურად რა მოხდა" - ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში გარდაცვლილის ძმა
FaceBook
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში გარდაცვლილის ოჯახს არ აქვს ინფორმაცია, რა მოხდა შემთხვევის ადგილზე. გარდაცვლილის ძმა ამბობს, რომ ჯერ დაზუსტებით ინფორმაცია კომპანიის წარმომადგენლებს არ მიუწოდებიათ.
"არ ვიცით რეალურად რა მოხდა, არავინ მოსულა ჩვენთან ამ დრომდე და არაფერი აუხნია, " -  ამბობს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში გარდაცვლილის ძმა გიზო ძაბრიძე. 

ის  ამბობს, რომ  გარდაცვლილი ფეროში დაახლოებით 16 წლის განმავლობაში მუშაობდა და საკმაოდ გამოცდილი კადრი იყო. გარდაცვლილი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

პროფკავშირები ზესტაფონში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზების მოკვლევის პროცესში შრომის ტექნიკური ინსპექტორის ჩართვას ითხოვენ.

"მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებულია კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ ჩვენ ვხედავთ, რომ 2018 წელიც იგივე ინტენსივობით დაიწყო სამუშაო ადგილებზე მუშების გარდაცვალების მიმართულებით. ეს კანონი, რომელიც ახლა მიიღეს, არის აბსოლუტურად დაცლილი იმ აუცილებელი ელემენტებისგან, რომელმაც ეფექტი უნდა მოიტანოს", - ამბობს თამაზ დოლაბერიძე.

გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა ვასილ გველესიანი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი.

"უბედური შემთხვევა დილით მოხდა, რომელიც ფატალური შედეგით დასრულდა. ბრიგადა რომელიც მუშაობდა ნომერ მეოთხე საამქროს სახურავის ფენილის შეცვლაზე, ერთ - ერთი წევრი, 61 წლის დავით ძაბირაძე ჩამოვარდა 38 ნიშნულიდან და გარდაიცვალა. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ბრიგადა აღჭურვილი იყო უსაფრთხოების ნორმებით გათვალისწინებული აღჭურვილობით - ქამრებითა და კასკებით. დანარჩენს გამოძიება დაადგენს,"-  განმარტა ვასილ გველესიანმა.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ადგილობრივი პირველადი ორგანიზაციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, სარემონტო საამქროს თანამშრომელი, დავით ძაბირაძე, მე-4 საამქროს სახურავიდან, ჭერის სარემონტო სამუშაოების შესრულების, კონკრეტულად კი სახურავის ძველი ლითონის ფურცლების შეცვლის დროს დღეს ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.


ამავე თემაზე:

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში თანამშრომელი დაიღუპა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში თანამშრომლის დაღუპვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

"ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ფეროშერნადნობთა ქარხანაში მუშის გარდაცვალებაზე


Print