ახალი ამბები
USAID-ის წარმომადგენლებმა ქუთაისში სამკურნალო მცენარეების საწარმო დაათვალიერეს
FaceBook
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ქუთაისში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში ბროკ ბირმენმა სამკურნალო მცენარეების გადამამუშავებელი საწარმო „ფარკონი“ მოინახულა.

„ეს არის ძალიან თანამედროვე საწარმო და ვხედავ, რომ მისი პროდუქცია უკვე მზადაა ევროპისა და ამერიკის ბაზარზე გასატანად, რაც სასიხარულო და მისასალმებელია,“ - განაცხადა ბროკ ბირმანმა.

სამკურნალო მცენარეების გადამამუშავებელი საწარმო 2016 წელს USAID/REAP-ის პროექტის დახმარებით გადაიარაღდა და თანამედროვე ტექნოლოგიით აღიჭურვა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებულმა ღრმა და ყოვლისმომცველმა სავაჭრო ხელშეკრულებამ (DCFTA) კომპანიას ევროკავშირის ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა მისცა.

„საამაყოა, რომ დღეს საწარმო არის საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი და აწარმოებს პრიოდუქციას, რომელიც მისაღებია საერთაშორისო ბაზრისთვის და ამაში ჩვენი წვლილი დიდია,“ - აღნიშნავს USAID/REAP-ის პროექტის ხელმძღვანელი, ლუიზა ნამიჭეიშვილი.

სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის (REAP) პროექტი საქართველოში 5 წლის განმავლობაში განხორციელდება და მას აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) 19,5 მლნ დოლარით აფინანსებს.



Print