ახალი ამბები
ჟონეთში მცხოვრები მის ეზოში კარიერის მოპოვებას აპროტესტებს
FaceBook
წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთის მცხოვრები მაყვალა დანგაძე მის ეზოში კარიერის მოპოვებას აპროტესტებს. მისი თქმით, 2004 წლიდან მისი ტერიტოტრიაზე კარიერის ქვების მოპოვებას ორი კომპანია "შპს სვაია" და "ანრე 2006" უნებართვოდ აწარმოებენ.

მაყვალა დანგაძის თქმით, კარიერის მოპოვება უკვე წლებია მის საკუთრებაში არსებულ ნახევარ ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს. სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით მან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

"2014 წელს მივმართე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. პირველი რასაც ვითხოვდი იყო ის, რომ საერთოდ შეჩერებულიყო სამუშაოები. მაგრამ ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო, მანადეც უნდა შეწყვეტილიყო მოპოვებითი სამუშაოები", - ამბობს მაყვალა დანგაძე.

თუმცა, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოქალაქის მოთხოვნა. რის შემდეგაც, საქმემ სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა.

"სააპელაციოში გავასაჩივრე საქალაქოს პასუხი, რომ საქმის წარომების პარალელურად ვერ მოსთხოვდა კომპანიებს სამუშაოების შეწყვეტას", - განმარტავს ჟონეთის მცხოვრები.

თუმცა, მაყვალა დანგაძის მოთხოვნა არც მეორე ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა. 

"მეუბნებიან, რომ კომპანიიებს ვერ აუკრძლავენ მოპივებით სამუშაოებს, რადგან ამით მათ ფინანსური ზარალი მიადგებათ. გამოდის რომ არც სამუშაოებს აჩერებენ და არც სასამართლო პროცესები ინიშნება", - ამბობს მაყვალა დანგაძე.

სასამართლოს გადაწყვეტულების გამოტანის დაჩაქარებისკენ მოუწოდებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია. მისი თქმით, დროა ქვეყანაში სასამართლოების მიმართ არსებული უნდობლობა სამუდამოდ დასრულდეს. 

ქუთაისიპოსტი თემაზე მუშაობას აგრძელებს. 




Print