ახალი ამბები
გადაჭარბებულ ხმაურზე ქუთაისში 132 პირს გაფრთხილება მიეცა
FaceBook
ქუთაისში,  გადაჭარბებულ ხმაურზე 2017 წლის 15 აგვისტოდან, ანუ შესაბამისი კანონის ამოქმედებიდან, დღემდე 132 პირს მიეცა გაფრთხილება.

შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აქედან  მხოლოდ ერთი დაჯარიმდა. 

"შემოსული შეტყობინებების კლასიფიკაცია ხდება ზარის ინიციატორის მიერ მოწოდებული პირველადი ინფორმაციის საფუძველზე. თითოეულ განხორციელებულ ზარზე პროგრამულად განისაზღვრება პრობლემის ანუ ინციდენტის ტიპი. ერთ-ერთი ასეთი ინციდენტის ტიპია "ხმაური აწუხებს" და გულისხმობს ბინიდან, დაწესებულებიდან, ქუჩიდან გამოწვეულ ხმაურს, რომელიც აწუხებს მოქალაქეს",  - განმარტავენ უწყებაში.

ხმაურის შესახებ კანონში შესული ცვლილების მიხედვით, პირველ ჯერზე ხმაურისთვის პირები არ დაჯარიმდებიან, მისი განმეორების შემთხვევაში კი, ფიზიკური პირები 150 ლარით, იურიდიული პირები კი 500 ლარით დაჯარიმდებიან. ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ქმედების ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის - 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის - 1000 ლარის ოდენობით.

კანონში განსაზღვრულია ადგილების მიხედვით ხმაურის დასაშვები ნორმები. მაგალითად, საცხოვრებელსა და საძინებელში დღისით შემღწევი ხმაური 35 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს, ღამით კი 30-ს. სავაჭრო დაწესებულებებში ხმაურის დასაშვები ნორმა 55 დეციბელია.

ასევე, სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებებში 40-ზე მეტი დეციბელი ხმაურის გამოწვევა დაჯარიმდება. სასწავლო დაწესებულებებსა და სამკითხველოებში კი, ხმაური 35 დეციბელზე მეტი არ უნდა იყოს. თუ ბარებსა და რესტორნებს ექვს და უფრო ნაკლებსართულიანი კორპუსი ესაზღვრება, დღის საათებში დასაშვები ნორმა 50 დეციბელია, ხოლო ღამით 40. 


ამავე თემაზე:

15 აგვისტოდან გადაჭარბებული ხმაური დასჯადი ხდება
Print