ახალი ამბები
უფასო საპარლამენტო ექსკურსიის ათლარიანი სასკოლო ღირებულება
FaceBook
ქუთაისის საჯარო სკოლის მასწავლებელმა პარლამენტში ექსკურსიის ორგანიზებისთვის მოსწავლეებს 10-10 ლარის შეგროვება მოსთხოვა, მაშინ როდესაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ექსკურსია უფასოა.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტთან ამავე სკოლის მოსწავლეები საუბრობენ. ვინაობას, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვასახელებთ.

პირველი საჯარო სკოლის ოთხი სხვადასხვა კლასის (IX-XI კლასები) მოსწავლეები ამბობენ, რომ სამოქალაქო განვითარების მასწავლებელმა ექსკურსიისთვის თანხის აკრება დაახლოებით ორი კვირის წინ მოსთხოვა. ბავშვების განმარტებით, საკანონმდებლო ორგანოში უახლოესი სესიის დროს უნდა წასულიყვენენ.
მოსწავლეების თქმით, თანხის აკრებასთან დაკავშირებით კლასის დამრიგებლმა განუმარტა, რომ "პარლამენტარებს პატივისცემა უნდათ".

მოსწავლეების ნაამბობი ქუთაისის #1 საჯარო სკოლაში გადავამოწმეთ.

სამოქალაქო განათლების პედაგოგი თანხის აკრებას უარყოფს. ის, ასევე მოსწავლეებთან რაიმე სახის დაპირისპირებასაც გამორიცხავს.

"შასაძლებელია ეს გააკეთოს პედაგოგმა, რომელიც მოსწავლეებს კანონებს ასწავლის და აცნობს? გაოგნებული ვარ. შეიძლება ვინმეს ინტერესი ჰქონდეს და ის აკეთებდეს ამას. საკანონმდებლო სისტემაში მოსწავლეები მიმყავს და რა თანხაზეა საუბარი. ჩემგან ამის დავალება არ ყოფილა. ჩვენთან სკოლაში იყო მოსული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც შემოგვათავაზა ახალგაზრდულ პარლამენტში მოსწავლეების ჩართვა და ეს პროექტი არის ფასიანი. შესაძლებელია, ეს გაიგეს ცუდად. მხოლოდ ეს იყო, არაინაირ სხვა თანხაზე საუბარი არ იყო," - ამტკიცებს ირმა ღვაჩლიანი.

მასწავლებლის ვარაუდს, რომ მოსწავლეებს პროექტი და ექსკურსია ერთმანეთში აერიათ, ბავშვები კატეგორიულად უარყოფენ. მათი თქმით, მსგავსი შემთხვევა სკოლაში არაერთხელ მომხდარა. ამასთანავე, შეთავაზებულ პროექტში მონაწილეობა არა 10, არამედ 50 ლარი ღირს.
მასწავლებლის მიერ თანხის აკრების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს სკოლის დირექტორი, სალომე სარალიძე. მისი თქმით, დასახელებული პედაგოგი სკოლაში ერთ-ერთი წარმატებულია.

"ის არის ძალიან აქტიური, წარმატებული, ენერგიული და მოტივირებული მასწავლებელი. მასზე არაერთი მადლობის წერილი მიგვიღია სამინისტროდან. როგორც სამინისტროს, ასევე არასამთავრობო სექტორის მიერ გამოცხადებულ უამრავ პროექტებშია ჩართული. არ გამოვრიცხავ, რომ ვინმეს მის მიმართ არაკეთილსინდისიერი ზრახვები ჰქონდეს და ასეთ ბოროტ ინფორმაციას შეგნებულად ავრცელებდეს," - ამბობს სკოლის დირექტორი, სალომე სარალიძე.

ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ამავე დროს #9 საჯარო სკოლაშიც მუშაობს. ამ სკოლის დირექტორიც, სოფიო ქუთათელაძე, პედაგოგს დადებითად ახასიათებს და ამბობს, რომ მას მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბოლო ერთი წლის განმავლობაში პარლამენტში ექსკურსიაზე არ წაუყვანია.

რაც შეეხება, ახალგაზრდულ პარლამენტს, პირველი სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა გვითხრა, რომ პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია "განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი" ახორციელებს. გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ ეს არა ახალგზარდული პარლამენტი, არამედ პროექტი "საჯარო გამოსვლები და დებატების ტექნიკაა". 

პროექტი ხელმძღვანელი ნათია ნამიჭეიშვილი განმარტავს, რომ სამთვიანი პროექტი უკვე დაწყებულია და მასში მე-6-ე - მე-11-ე კლასის მოსწავლეები არიან ჩართულები. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი საგანმანათელბლო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მასში სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანები არიან ჩართული, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც.

"უკვე მეორე შეხვედრა შედგა, სადაც მოსწავლეებს საჯარო გამოსვლის ტექნიკებს შეასწავლიან, იმისთვის, რომ გამოიმუშაონ ანალიტიკური და სწრაფი აზროვნების უნარი," - ამბობს ნათია ნამიჭეიშვილი.

#1 საჯარო სკოლაში ჩვენი ვიზიტის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი კლასის დამრიგებელმა მოსწავლეებს შეატყობინა, რომ თანხის აკრება საჭირო აღარ არის და ისინი პარლამენტში ექსკურსიაზე მაინც წავლენ.

პარლამენტის პრეს-სამსახურში დაგვიდასტურეს, რომ პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ნამდვილად ჩაწერილი არიან ექსკურსიაზე, რომელიც მომდევნო სასესიო კვირაშია დადგემილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.