ვიდეო
სიამოვნებისთვის და ურთიერთთრობისთვის - "ცისფერყანწელები" , ღვინო ექსკლუზიურად ქუთაისისთვის (ვიდეო)
FaceBook
ღვინო, რომელიც ექსკლუზიურად ქუთაისისთვის შექმნეს, ქალაქიდან 40 წუთის სავალზე, სოფელ როდინაულში ამზადებენ. ღვინო იმერულია. თეთრი, ახალგაზრდა და კეკლუცი.
ღვინოს სახელად "ცისფერყანწელები" 25 წლის ქრისტინე მაღლაკელიძე ამზადებს.

"ეს სახელი იმიტომ დავარქვი, რომ ზუსტად გემოც და ხასიათიც ცისფერყანწელების აქვს", - ამბობს ქრისტინე. 

ის საბოლოო პროდუქტის მიღებამდე, იმერულ ცოლიკაურს ოჯახთან ერთად კრეფს, შემდეგ  წურავს. საკუთარ თავზე იღებს ღვინის ბოთლში ჩამოსხმასაც.

ამ პროცესებში ჩასართავად, ოჯახის წევრების დარწმუნება დასჭირდა. მათთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ მეღვინეობაშიცაა ქალის ადგილი . თავდაპირველად მისი მხოლოდ ბაბუას სჯეროდა. ახლა, ყველას სჯერა.

ოჯახში წარმატების მიღწევიდან, ღვინის წარმატებულად წარმოების დაწყებამდე, ქრისტინე ერთი წელი ემზადებოდა. მსხვერპლიც გაიღო, რაც იმაში გამოიხატა, რომ შეგროვილი თანხა, რომლითაც უნდა ემოგზაურა ცისფერყანწელებს დაახარჯა. ახლა მისი არჩევანით თავადაც კმაყოფილია და ცისფერყანწელების მოყვარულებიც.




მაღლაკელიძეების ოჯახის ღვინის წარმოებაში ქალის ჩარევამ ბევრი რამ შეცვალა. ლიტრობით ღვინის გაყიდვის პრაქტიკა ბოთლში ჩამოსხმულმა პროდუქტმა ჩაანაცვლა -  ის არ იქმნება უხვად სმისთვის, არამედ სიამოვნებისთვის და ურთიერთთრობისთვის - გვიყვება ქრისტინე. რადგან  ეს არის ღვინო,  რომელმაც მომხმარებელს ორმაგი სარგებელი უნდა მოუტანოს: შეცვალოს სმის კულტურა და თავიდან აღმოაჩენინოს ცისფერყანწელთა შემოქმედება, რომლის ფრაგმენტებსაც ღვინის ბოთლის ეტიკეტიდანაც  ვეცნობით. 

"აშკარაა, ევროპა შემოაღებს კარებს და ამ დროს ჩვენ უნდა დავხვდეთ შეჭურვილი ეროვნული შემეცნებით, რომ იყოს მთავარი მორგვი, რომელზედაც მოეხვევა ახალი იდეები. მაშინ იქნება ნამდვილი რენესანსი და ამ ეროვნული აღორძინების სადღეგრძელოს სრულიად სერიოზულად ვსვამ ცისფერი ყანწებით," - ტიციან ტაბიძეს ამ ფრაზებით ამბობს თავის სათქმელს ღვინის მწარმოებლიც.

"ცისფერყანწელების ამოცანას წარმოადგენდა - ქართული პოეზიის გამართვა და ევროპული პოეზიის სიახლეების ათვისება. მათ სწამდათ სიტყვის ძალა და ცდილობდნენ სიტყვათა ჩვეულ მნიშვნელობებს მიღმა მათი დაფარული არსი, საგანთა და მოვლენათა კავშირები აღმოეჩინათ. გვჯერა, ღვინოსთან ერთად ეს გაცილებით მარტივად მიიღწევა. სწორედ ცისფერი ორდენის შემოქმედების აქტუალიზაცია, მათი ხელახლა აღმოჩენის მცდელობაა ჩვენი მხრიდან. გვსურს იმგვარად მიეწოდოს ღვინო მომხმარებელს, რომ ამით მიიღოს სიამოვნება და არა ტვირთი," - ამბობს ახალგაზრდა მეღვინე.




ცისფერყანწელები ჯერ მხოლოდ ერთი თვეა რაც დახლზე დევს, ის მხოლოდ ქუთაისში იყიდება. ერთი ლიტრის ფასი 28 ლარია. პირველ ეტაპზე სულ 500 ბოთლი ჩამოასხეს, შექმნიდან ამ დრომდე კი მომხმარებელმა 50 ბოთლი დააგემოვნა.

ღვინის მწარმოებელი გვიმხელს, რომ ცისფერყანწელთა შემოქმედების ევროპასთან სინთეზის მცდელობის მსგავსად, მათი სახელობის ღვინის გზაც ევროპისკენ მიდის. ამიტომ ქრისტინე ვენახების გაფართოებასაც გეგმავს და ფიქრობს, რომ ეს გზა აუცილებლად გაამართლებს.
Print