ვიდეო
მოხუცები ღია ცის ქვეშ (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე უფასო სასადილოსთან, ტრანსპორტის გაჩერებაზე მოსაცდელი არ არსებობს.

ამ მიზეზის გამო, მადლიერების სახლის ბენეფიციარებს ლოდინი წვიმიან ამინდში ღია ცის ქვეშ უწევთ.

ამის გარდა, მადლიერების სახლის ბენეფიციარებს პრობლემა ქუჩის გადაჭრის დროსაც ექმნებათ. რადგან,  აღარ ჩანს ე.წ.  ზებრა გადასასვლელი, რის გამოც ავტომობილები ქვეითებს გზას არ უთმობენ.

მოსაცდელი არ არსებობს ნინოშვილის ქუჩაზე, მადლიერების სახლთან არსებულ გაჩერებაზეც. ბენეფიციარები მიმდებარე სკვერის ჯებირით, ან ბაღში მოთავსებული სკამით სარგებლობენ.

ნახეთ ვიდეორეპორტაჟი:



ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში განმარტავენ, რომ ამ პრობლემის მოგვარების თხოვნით  ბენეფიციარებმა ტერიტორიულ მართვის  ორგანოს განცხადებით  უნდა  მიმართონ. თუმცა, ავტოქარხნის ადმინისტრაციული ერთეულის უფროსი სპეციალიტი, ნათია ჭელიძე ამბობს, რომ პრობლემა მომართვის შემდეგადაც შესაძლოა არ მოგვარდეს, რადგან, მისი თქმით, მოსაცდელების განთავსებას მერია უზრუნველყოფს. 

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს ქალაქში სხვადასხვა ადგილზე 70 მოსაცდელი მოეწყობა, რომელსაც კომპანია "ვისოლი" უზრუნველყოფს.

"ვისოლს"  ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის გაჩერების ადგილზე თანამედროვე ტიპის მოსაცდელების მოწყობა ჯერ კიდევ 2016 წლის აგვისტოში დაევალა. ეს ვალდებულება კომპნიამ  შპს "ფერტუნა მედიასგან" გადაიბარა, რომელსაც თავის მხრივ, მოსაცდელი 111 გაჩერებაზე 2010 წელს უნდა მოეწყო.

თუმცა, კომპანიას ქუთაისის წინაშე აღებული ვალდებულებები ამ დრომდე არ შეუსრულებია, მაშინ როდესაც, მოსაცდელის მოწყობის ბოლო ვადად 2018 წლის 1 იანვარი განესაზღვრა. თუ რატომ არ შეასრულა კომპანიამ დროულად მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, ამ საკითხზე "ვისოლში" კომენტარს არ აკეთებენ.

Print