ვალუტა
EUR
EUR
1
2.5405
GBP
GBP
1
3.5136
RUB
RUB
100
4.3209
USD
USD
1
2.3049
საზოგადოება
გამქრალი სკვერი და მშენებლობას შეწირული ასწლოვანი ხეები
ქუთაისში,  წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფალიაშვილის ქუჩა N11–ში სამსართულიანი სავაჭრო ცენტრი შენდება.
223 კვ.მ ფართზე შენობის საძირკვლის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია, რასაც უკვე შეეწირა ერთი პალმის ხე, გადაიბელა სამი, ხოლო ერთ კიპარისს, რომელიც, ასევე, სამშენებლო ტერიტორიაზე მოექცა, საძირკვლის ამოღების დროს ფესვები დაუზიანდა.

გიგა ისიანი, რომელსაც აღნიშნული ფართი იჯარით აქვს აღებული, ხეების მოჭრის, გადაბელვისა და ფესვების დაზიანების ფაქტებს ადასტურებს და ამბობს, რომ ამის გამო, იგი ქუთაისის მერიამ თითო ხისთვის 500 ლარით, ჯამში კი 2 500 ლარით დააჯარიმა.

ჯარიმის გადახდის პარალელურად, გიგა ისიანს, სავარაუდოდ, სამართლებრივი დავის წარმოებაც მოუწევს, რომლის დაწყებასაც მის წინააღმდეგ, მშენებარე ობიექტის მეზობლად მდებარე კომერციული ფართის მფლობელი, ბორის ლაღაძე აპირებს.

ბორის ლაღაძე ამბობს, რომ გიგა ისიანზე გაცემული ფართი მის საცხობს ერწყმის და ობიექტამდე მისასვლელ გზას კეტავს, რის გამოც საცხობი შესასვლელის, თავად კი, შემოსავლის გარეშე რჩება.

ფალიაშვილის ქუჩა N11–ში არსებული მიწის ნაკვეთის მფლობელმა სამშენებლო ტერიტორია უკვე შემოღობა, სადაც სადავო გასასვლელი არ მოხვდა. გიგა ისიანი ამბობს, რომ მან საცხობამდე მისასვლელი გზა საკუთარი ნებით დათმო, რადგან მეზობელთან პრობლმები არ სურს. თუმცა, მისი არ სჯერა ბორის ლაღაძეს, რადგან შიშობს, რომ ისიანი გასასვლელს სავაჭრო ცენტრის დასრულების შემდეგ კვლავ მიიერთებს და ადგილზე კომერციულ ფართს მოაწყობს.

საცხობის მეპატრონე ახლა უკვე ისიანის პირობის დოკუმენტურად გაფორმებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესის წარმოებაში ხელისშეშლისთვის სარჩელის სასამართლოში შეტანას გეგმავს.



ნასახლარი, გამქრალი სკვერი და მშენებლობას შეწირული ასწლოვანი ხეები

ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორაზე, სადაც ახლა გიგა ისიანი სამსართულიან სავაჭრო ცენტრს აშენებს, გასული საუკუნის 80-იან წლებამდე სკვერი იყო, სადაც შესაბამისი გამწვანება და დასასვენებელი სკამებიც არსებობდა. მოგვიანებით კი, უყურადღებობის გამო სკვერი განადგურდა და ტერიტორია ანტისანიტარიის კერად იქცა. ერთ-ერთი ვერსიით ადგილზე კიდევ უფრო ადრე კერძო სახლი იყო, რასაც შენობის საძირკვლის გათხრის შედეგად აღმოჩენლი წითელი აგურები მოწმობს.

ერთადერთი რაც წასრულიდან ამ ტერიტორიაზე გადარჩა, ის ხეებია, რომლებსაც გიგა ისიანი მშენებლობის დასრულების შემდეგ მოჭრას უპირებს. ფართის მეპატრონე ქუთაისიპოსტთან საუბარში არ მალავს, რომ ტერიტორიაზე დარჩენილი 4 ხისგან სამი მოიჭრება და მხოლოდ ერთი, ფესვებდაზიანებული ხე დარჩება.




როგორც ირკვევა ისიანს ხეების მოჭრისა და გადაბელვის ნებართვა ქუთასის მერიისგან მიღებული არ ჰქონდა. მისი თქმით, ამის გაკეთება მას ფორსმაჟორულ ვითარებაში მოუწია და ნებართვის მიღება ვერ მოასწრო.

"პალმა, რომელიც შუაგულშია იყო, რა თქმა უნდა, მოვჭერით. რაც შეეხება, გადაბელილ ხეებს, როგორც ჩანს საძირკვლის ამოღების დროს ნიადაგი გამოეცალა. ღამით დამირეკეს შეიძლება წაიქცეს ისე არისო. მოვედით დილით და გადავბელეთ, რომ ვინმეს არ დაცემოდა. მეორე დღესვე მოვიდა მერია და დაგვაჯარიმა",-ამბობს გიგა ისიანი.


გადაბელილი ხეები ფალიაშვილის ქუჩაზე


გაიჯარებული საერთო სარგებლობის ფართი და  ბრძოლა 11 კვ.მ-თვის


გიორგი ისიანს ფალიაშვილის ქუჩა N11ა-ში 223 კვ.მ მიწის ნაკვეთი, აღნაგობის უფლებით,  45 წლიანი იჯარით,  2012 წლის 19 დეკემბერს გადაეცა, რაშიც ისიანმა წლიური თანხა 4 500 ლარი უნდა შეიტანოს ადგილობრივ ბიუჯეტში.

როგორც ირკვევა, ისიანისთვის მართვის უფლებით გადაცემული ფართი იმ შენობის კედელს აღწევს, სადაც ბორის ლაღაძეს საცხობი, ფეხსაცმელების მაღაზია და სილამაზის სალონი აქვს განთავსებული, თუმცა, ამ სამი ობიექტიდან ისიანის სამართავ ტერიტორიაზე მხოლოდ საცხობის შესასვლელი მოხვდა, კერძოდ,  კიბე და კიბემდე მისასვლელი გზა.

სწორედ, აქედან იწყება ისიანსა და ლაღაძეს შორის სამართლებრივი დავა.

ლაღაძემ, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მის მეზობლად არსებული ფართი იჯარით გაიცა, აღნიშნულ მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრისგან ამონაწერი მოითხოვა, რის შემდეგაც დარწმუნდა, რომ გაიჯარებულ ფართში ის ტერიტორიაც შედიოდა, რომელიც მისი საცხობის ერთადერთ შესასვლელს წარმოადგენდა.

საკუთარი ბიზნესის გადასარჩენად ბორის ლაღაძემ სასამართლოს მიმართა და საცხობამდე მისასვლელი ფართის (11 კვ.მ) სერვიტუტით დატვირთვა მოითხოვა, თუმცა, სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ბორის ლაღაძემ ახლა უკვე იგივე თხოვნა ქალაქის მერს, შოთა მურღულიას გაუგზავნა და პასუხის მოლოდინშია. იმ შემთხვევაში კი თუ მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა, ბრძოლის გაგრძელებას კვალვ სასამართლოში აპირებს.

"ახლა კი დამიტოვა ის შესასვლელი და მეუბნება, რა გინდა, ხომ არ შემოვღობეო, მაგრამ მე მითხრეს იურისტებმა, რომ ტერიტორია მისია და როცა უნდა მაშინ ჩაკეტავს. მშენებლობას რომ დაასრულებს ამოკეტავს იმ ვიწრო გასასვლელს და კომერციული მიზნით გამოიყენებს. მე კი საცხობი უნდა გავაუქმო, სხვა გზას არ მიტოვებს. თუ მაინც თმობს, რა უდგას წინ იმას, რომ დოკუმენტურად გაფორმდეს? ვიდრე იჯარის ვადა გაუვა, მანამდე მაინც ვიყო მშვიდად და ვიცოდე რომ ჩემი ბიზნესი არ გაჩერდება. სინამდვილეში, ამ ყველაფრის სათავე ქუთაისის მერიაა, რომელმაც ამ ფორმით გასცა ტერიტორია", - ამბობს ბორის ლაღაძე.


საცხობთან მისასვლელი ერთადერთი გზა, რომლის სერვიტუტით დატვირთვასაც ითხოვს ბორის ლაღაძე


მშენებლობის შეჩერებული პროექტი და ვადაგასული ნებართვა


გიგა ისიანს ფალიაშვილის ქუჩა N11 ა-ში მიღებულ ფართზე მშენებლობის დასაწყებად სამართლებრივი დავა მხოლოდ ბორის ლაღაძესთან არ მოუწია. თითქმის 5 წელი იდავა მან ქუთაისის მერიასთან, რომელიც თავად არის ნებართვის გამცემი.

ისიანი ქუთაისიპოსტთან საუბარში არ აკონკრეტებს რის გამო უჩიოდა მას ქუთაისის მერია, თუმცა, ამბობს, რომ ერთ-ერთი შემაფერხებელი მიზეზი სამშენებლო ტერიტორიაზე მოქცეული ცენტრალური საკანალიზაციო მილი იყო, რომელიც მოგვიანებით სხვა ტერიტორიაზე გადაიტანა და კვლავ მთავარ ქსელს დაუერთა, თუმცა, მისივე თქმით, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელო დეტალია ამ საქმეში. სინამდვილეში კი, მერია მისთვის ხელისშეშლას შეგნებულად ცდილობდა, რადგან ეჭვი ჰქონდათ, რომ მშენებლობის უკან იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი, გოჩა თევდორაძე იდგა. ისიანის თქმით, მერიის ეჭვების გამო მშენებლობის პროექტი შეჩერებული იყო და სამშენებლო ნებართვასაც ვადა გაუვიდა, რომლის განახლებაც ერთი თვის წინ, მერიასთან სასამართლო პროცესის მოგების შემდეგ მოახერხა.



თავად გოჩა თევდორაძე მშენებლობასთან კავშირს გამორიცხავს და ამბობს, რომ ფართი მისი არ არის.

"მაკდონალდსშიც" მაქვს 50%-იანი წილი და იმას რატომ არ ააშკარავებთ?", - ამბობს გოჩა თევდორაძე.

რის გამო უჩივლა გიგა ისიანს ქუთაისის მერიამ და რატომ გაჭიანურდა მისთვის მშენებლობაზე თანხმობის გაცემა - ქუთაისიპოსტის მცდელობის მიუხედავად ადგილობრივ თვითმმართველობაში ამაზე განმარტებები არ გაუკეთებიათ. 

ფალიაშვილის  ქუჩა N11ა-ში სამსართულიანი სავაჭრო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გიგა ისიანი ამბობს, რომ ობიექტი მოკლე ვადებში უნდა დაასრულოს, თუმცა, მშენებლობის ნებართვა 2019 წლის ოქტომბრამდე აქვს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა სიახლეები
დღის სიახლეები
ზესტაფონში, სოფელ ილემის საბავშვო ბაღში რვა ადამიანი მოიწამლა.
23:08 / 19-10-2017
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი არჩილ გოგსაძე სოფელ როკითისა და დიდველას მოსახლეობას შეხვდა.
12:57 / 19-10-2017
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თემქის მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ ტალიაშვილი ამავე რაიონში მდებარე პედიატრიულ კლინიკა "პრივატს" ესტუმრა და მედპერსონალს თბილისის მერიის ჯანდაცვის მუნიციპალურ პროგრამებში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
10:54 / 19-10-2017
ზესატფონის სოფელ კვალითში საცხოვრებელ სახლში მამაკაცი დაიწვა.
18:27 / 18-10-2017
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ნიკეას #21-ში ახალგარემონტებული კორპუსი დაზიანებულია.
ქუთაისში, ნიკეას #21-ში ახალგარემონტებული კორპუსი დაზიანებულია.
15:12 / 18.10.2017
ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მიმდინარე წელს,
2012 წელთან შედარებით, 15 700-ით შემცირდა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მიმდინარე წელს, 2012 წელთან შედარებით, 15 700-ით შემცირდა.
12:24 / 15.10.2017
ზესტაფონში, სოფელ ძირულაში მცხოვრებ 5 პირს, შესაძლოა ქონება
იძულების წესით ჩამოართვან.
ზესტაფონში, სოფელ ძირულაში მცხოვრებ 5 პირს, შესაძლოა ქონება იძულების წესით ჩამოართვან.
12:10 / 14.10.2017

"ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა" მიმდინარე წელს სამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილება.

13:50 / 12.10.2017
ქუთაისში თვითმმართველობის ბალანსზე არსებული 21 ამორტიზებული
შენობაა. თუმცა, უფრო  მეტია  იმ ობიექტების რაოდენობა,
რომელიც კერძო მესაკუთრის მფლობელობაშია და შენობა მიტოვებულია. ამ
ობიექტების სტატისტიკა მერიას არ აქვს.
ქუთაისში თვითმმართველობის ბალანსზე არსებული 21 ამორტიზებული შენობაა. თუმცა, უფრო  მეტია  იმ ობიექტების რაოდენობა, რომელიც კერძო მესაკუთრის მფლობელობაშია და შენობა მიტოვებულია. ამ ობიექტების სტატისტიკა მერიას არ აქვს.
11:53 / 10.10.2017
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.